სამართალი
სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები 69.23%-ით გაიზარდა - შსს
2021 წელს სამოხელეო დანაშაული 11.35%-ით გაიზარდა. ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს სამოხელეო დანაშაულის 579 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 19.52% ანუ 113 შემთხვევა გაიხსნა. 2020 წელს კი ამ სახის დანაშაულის 520 ფაქტი აღირიცხა და მათგან 42, ანუ 8.08% გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად - 69,23%-ით გაიზარდა სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები. გასულ წელს ამ დანაშაულის - 44, ხოლო 2020 წლის განმავლობაში 26 ფაქტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევათა ზრდაც. შს სამინისტროს ინფორმაციით, წლიურად ეს დანაშაული 35.48%-ით გაიზარდა. 2021 წელს უწყების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 84, ხოლო 2020 წელს - 62 ფაქტი გამოვლინდა.

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის განმავლობაში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 303 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა, 2021 წელს 29 - ქრთამის აღების; 84 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 64 – სამსახურებრივი გულგრილობის; 44 - სამსახურებრივი სიყალბის და 10 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |