სამართალი
ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.

სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში  შეყვანილი პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებულები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდებათ კვლევები" - აღნიშნა დიასამიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დღეს, 20 მაისს საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
| Print |