სამართალი
კიკიბოელი გლეხების ინტერესების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი შევიდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში მცხოვრები გლეხების ინტერესების დასაცავად  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განცხადებით მიმართა. მოსარჩელეები საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევაზე დავობენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი კიკიბოს 7 ჰექტრამდე მიწა გადასცა, რომელსაც ადგილობრივი გლეხები საძოვრებად იყენებდნენ.

"გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს სოფელ კიკიბოს საძოვრებზე ადგილობრივი მოსახლეობის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეროვნულ სასამართლოში ერთ-ერთი გლეხის საქმე წარმატებით დაასრულა და მოსარჩელემ მიწაზე უფლების აღიარება შეძლო. თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა დანარჩენი ოთხი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს, რადგან სადავო მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, ექსპერტმა ზუსტი საზღვრების დადგენა ვერ შეძლო

სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებითა და ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის არასრულყოფილი განხილვის შედეგად, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლება დაირღვა.
| Print |