სამართალი
ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ - სოსო გოგაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახელით საზოგადოებისთვის ახალი მიმართვა ვრცელდება. "ფეისბუკზე" შექმნილ ახალ გვერდზე წერია, რომ გოგაშვილმა თანამდებობიდან წასვლას არჩია სისტემაში დარჩენა და მისი მხილება.

"დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: სამსახურიდან წამოსვლა; ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა; დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება.

ხვდებით რომ ავირჩიე [მესამე] და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას",
- წერია სოსო გოგაშვილის სახელით გავრცელებულ ფეისბუკპოსტში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი შვილი, ნინო გოგაშვილიც ავრცელებს.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სოსო გოგაშვილმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ პასუხისგებისთვის ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად მოემზადა.

,,ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო" - წერს სოსო გოგაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაკავებიდან რამდენიმე საათში გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე უნდა გაესაჯაროებინა, "სანდო ხელში" იყო. გოგაშვილის დოკუმენტებზე დაყრდნობით ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა მოამზადა.
| Print |