სამართალი
შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის მამა დააკავეს
სამართალდამცავებმა შვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდა ქართლში, მამამ 20 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

„ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული შ.ა. ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,
- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |