სამართალი
ახალქალაქის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - მინა მკოიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის არტურ მკოიანის მეუღლე, მინა მკოიანი აცხადებს, რომ მისი საჩივრის საფუძველზე, ახალქალაქის პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მისი თქმით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მინა მკოიანმა საქართველოს პროკურატურას განცხადებით, 29 აგვისტოს მიმართა, რა დროსაც ახალქალაქის პოლიციის უფროსი სექსუალურ ძალადობაში და მეუღლის უკანონოდ დაკავებაში დაადანაშაულა.

არტურ მკოიანი 24 აგვისტოს ღამით დააკავეს. იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციული სასჯელის სახით 11 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.


წყარო: Jnews.ge
| Print |