სამართალი
არტურ და მინა მკოიანების თქმით, ახალქალქის პოლიცია მათ თვალთვალს აგრძელებს

მკოიანების ოჯახი პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მხოლოდ ერთხელ, გამოძიების დაწყებისთანავე დაიკითხნენ და მას შემდეგ საქმის მსვლელობის შესახებ არავინ შეხმიანებიათ. არტურ და მინა მკოიანები ამბობენ, რომ ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე მათ თვალთვალს აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ მინა მკოიანის ჩვენების საფუძველზე 143-ე მუხლითაა გამოძიება დაწყებული, ლომსაძე ამ დრომდე იკავებს მუნიციპალიტეტში პირველი პოლიციელის პოსტს.

მკოიანები ამბობენ, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ მუქარის შემცველ მესიჯებს აღარ იღებენ, თუმცა მათ მუდმივად უთვალთვალებენ. ოჯახი თავს დაუცველად გრძნობს, ამიტომ მინა მკოიანი სამსახურშიც აღარ დადის და ძირითადად, სახლში იყოფება.

გამოიკითხა თუ არა შალვა ლომსაძე და რა ეტაპზეა გამოძიება - პროკურატურაში ორი დღეა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ბრალდებებს არც შალვა ლომსაძე პასუხობს.

მინა მკოიანმა საქართველოს პროკურატურას განცხადებით, 29 აგვისტოს მიმართა და ახალქალაქის პოლიციის უფროსი სექსუალურ ძალადობაში, გატაცებასა და შანტაჟში დაადანაშაულა. რამდენიმე დღით ადრე, მისი ქმარი არტურ მკოიანი სახლის ჩხრეკისას პოლიციელებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო დააკავეს. მას ადმინისტრაციული სასჯელის სახით 11 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
| Print |