სამართალი
ახალქალაქში აფეთქების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
ახალქალაქში აფეთქების ბრალდებით, 70 -წლამდე მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 13 დეკემბერს, ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე კორპუსში მცხოვრებ ინგა მაისურაძის სახლში მომხდარ აფეთქებას.

დაზარალებული ინგა მაისურაძე აცხადებს, რომ ის ბრალდებულთან მუშაობდა რესტორანში. მათ შორის ურთიერთობა კი მაშინ დაიძაბა, როდესაც ბრალდებულმა ინგა მაისურაძეს სოფელ ოკამში დედის საფლავის გაკეთებაში დახმარება შესთავაზა.

საფლავის გაკეთების შემდეგ მან მაისურაძეს 3 000 ლარი მოსთხოვა, რაც დაზარალებულის განცხადებით არარეალური თანხა იყო. მან ბრალდებულს უთხრა, რომ ვალს ნელ-ნელა გადაუხდიდა, და რადგან მასთანვე იყო დასაქმებული, თანხა ხელფასიდან დაექვითა.

ბრალდებული ინგა მაისურაძეს მთლიანი თანხის გადახდას სთხოვდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ გადაიხდიდა რამეს დაუშავებდა. მაისურაძის თქმით, ბოლოს ბრალდებული 10 დღის წინ ესაუბრა და ისევ დაემუქრა.

13 დეკემბერს სახლში დაბრუნებულ ინგა მაისურაძეს კართან შამპანურები,ტორტი და საჩუქრის ყუთი დახვდა. ყუთი რომ გახსნა შიგნით შეხვეული ნივთი დაინახა და იეჭვა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რადგან წინა დღეებში ბრალდებული ემუქრებოდა. ამის შემდეგ ის ტელეფონზე დასარეკად ოთახში გავიდა. სწორედ ამ დრო აფეთქდა საჩუქრის ყუთიც.

ინგა მაისურაძეს შემთხვევის შემდეგ დაზიანებები არ აღენიშნება.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად არ იცის მისი პოზიცია. გამოძიებას არც ბრალი აქვს წაყენებული და აქედან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიებაზეც არ უმსჯელია სასამართლოს. ამ ეტაპზე ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
| Print |