სამართალი
ეკლესიასთან სასულიერო პირი დაჭრეს
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი დანაა. სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის 63 წლის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ტაძარში შემთხვევის დროს იმყოფებოდა მედავითნე, რომელიც ხმაურის შემდეგ ეზოში გავიდა, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ტაძრის წინამძღვარს უთანხმოება არავისთან ჰქონია.

"წავიდა ადამიანი ტაძარში განწყობილი იმისთვის, რომ წირვა ჩაეტარებინა და როგორც ჩანს, ჭრილობები მიყენებულია ზურგის არეში. ტაძრის ეზოში მოხდა. ნორმალური ადამიანი ამას არ იზამდა, ფაქტია. ის, რომ წინასწარ ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა, ასეთი რამ არ არსებობს. სავარაუდოდ, გაიქცა, არავინ არ ვიცით, ვინ იყო. ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ზურგის არეში და მკლავშია ერთი ჭრილობა მიყენებული. ექიმებმა ჩაატარეს ოპერაცია. ბოლო ინფორმაციაა, რომ საკმაოდ მძიმეა, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა, დაკარგა სისხლი," - ამბობს ,,რუსთავი 2"-თან ერთ-ერთი სასულიერო პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. ეკლესიის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
| Print |