სამართალი
მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს პატიმრობა მიესაჯა
დღეს, 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე დააკავეს. მოსამართლე ნინო ელეიშვილმა მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვიოლეტა ინასარიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 370-ე მუხლს - ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენა. ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ დაკვეთა შეასრულა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

,,სრულიად უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მილიონპროცენტიანი ვარ დარწმუნებული. არასოდეს მისაუბრია ამ ტონით, მაგრამ ეს იყო დაკვეთილი ასპროცენტიანი, სხვანაირად ამის ახსნა არ შემიძლია. ეს იყო ცაში რაღაცის გავარდნა, მოულოდნელი არ ჰქვია ამ გადაწყვეტილებას. ასეთი შედეგი არ შეიძლებოდა, არაფრით...

370-ე მუხლი, ცრუ ჩვენების საფუძველზე 3 წელი მიუსაჯა ნინო ელეიშვილმა. ეს არის ყველაზე უარყოფითი მოსამართლე და ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე. ყველა ვარიანტში გავასაჩივრებთ, მივყვები ბოლომდე, სტრასბურგიც რომ დამჭირდეს“
- აცხადებს ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად პატიმრობა შეუფარდა ექიმს ბექა ლიპარტელიანსა და ექთანს თეა გზირიშვილს. მოსამართლის გაწყვეტილებით ექიმებს სამ-სამი, ხოლო თეა გზირიშვილს 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მანამდე ვიოლეტა ინასარიძეს დეკემბრის თვეში, აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და შესაბამისად, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებიც არ არის. 

პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ვიოლეტა ინასარიძემ ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძის შემთხვევის შესახებ, ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია კლინიკის მოთხოვნით მიაწოდა, სადაც აცხადებდა, რომ ექთნის შეუძლოდ გახდომის დროს ადგილზე იმყოფებოდა და ადრენალინიც დროულად გაუკეთა. მოგვიანებით კი პოლიციაში ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.

ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ექიმ-რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურთან ერთად, 2021 წლის 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის ბრალდებით „იმედიდან“ გაათავისუფლეს. ორივე მათგანმა კლინიკის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო.
| Print |