სამართალი
ბაღების გაერთიანების და გათავისუფლებული აღმზრდელის დავა მორიგებით დასრულდა
ბაღების გაერთიანების და გათავისუფლებული აღმზრდელის, ლატავრა ჯანაშვილის დავა მორიგებით დასრულდა. გადაწყვეტილების თანახმად გაერთიანება მოსარჩელეს სამსახურში პირველი აგვისტოდან აღადგენს, განაცდურის ანაზღაურების გარეშე.

საქმე ეხება 2021 წელს ქალაქ ვალეს #1 საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებულ ლატავრა ჯანაშვილს, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანაშემწედ 2012 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის 15 სექტემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, მის ადგილზე კი მალევე დანიშნეს სხვა პირი, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ სამსახურიდან სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს.

მოსარჩელის ადვოკატი ეკა აბაშიძე "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ ჯანაშვილს მორიგება ბაღების გაერთიანებამ სასამართლო პროცესზე შესთავაზა.

"ჩვენ ვიყავით მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე და პარალელურად უნდა ყოფილიყო დასკვნითი სიტყვა. როდესაც მოსამართლემ მხარეებს მორიგება შემოგვთავაზა, ბაღების გაერთიანებამ სურვილი გამოთქვა ჯანაშვილის სამსახურში აღდგენაზე. მოსარჩელესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადავწყვიტეთ მორიგების პირობებზე დათანხმება" - განაცხადა ეკა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა ბაღების გაერთიანებასთან კიდევ ერთი დავა. ახალციხის პირველი ბაგადან გათავისუფლებული თანამშრომლის, მარინე ლალუაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ბაღების გაერთიანებას განაცდურის ანაზღაურება დაავალა.
| Print |