სამართალი
ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო
ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2,840,710 ლარი მიიღო, აქედან 1,759,795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

"ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პარლამენტში ახალქალაქი-ნინოწმინდის „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.

რაზმიკ ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის დედის ძმაა. მას ასევე, 2012-2021 წლებში, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის[1] ოჯახის კომპანიის „ეს ჯი გაზ კომპანის“ დირექტორის პოზიცია ეკავა. მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი და ასევე, „ეს ჯი გაზ კომპანიში“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაზმიკ ღუმაშიანმა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომპანია დატოვა და 2021 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 5,000 ლარი შეიტანა.

ღუმაშიანმა ყველა სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო, გარდა, 2014 წელს ნინოწმინდის სოფელ დიდი არაგიალის საჯარო სკოლის ერთი პირდაპირი შეყიდვისა (1,950 ლარის ოდენობით).

რაზმიკ ღუმაშიანმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 სპორტული და სათამაშო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, წყლისა და გაზის გაყვანილობების მოწყობაზე, სულ 35 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. აქედან, 2013-2015 წლებში, 13 პირდაპირი შესყიდვით 102,948 ლარი დაერიცხა. 2015- 2023 წლებში მოგებული 22 ტენდერით კი ხელშეკრულებები 2,737,762 ლარზე გაუფორმდა. მათ შორის უკონკრენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით 15 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,656,847 ლარზე (60.5%)

აღსანიშნავია, რომ რაზმიკ ღუმაშიანმა ნინოწმინდის მერიიდან 1,085,100 ლარი (ათი წლის განმავლობაში მიღებული თანხის 38.1%) მიიღო 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის საკრებულოში მისი დის შვილი „ქართული ოცნების“ სიით შევიდა. ამ პერიოდში მან ნინოწმინდის მერიაში 7 ტენდერიდან 6 სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურეტოდ მოიგო, ჯამში 801,304 ლარზე (73.8%).

რაზმიკ ღუმაშიანის მიერ მიღებული სახელმწიფო შესყიდვები 2013-2023 წლებში:

აღსანიშნავია, რომ რაზმიკ ღუმაშიანმა 2019 წელს მოგებული 163,834 ლარის ღირებულების ტენდერით ნინოწმინდის ბაზარი ააშენა, რომელიც მეხუთე წელია დაკეტილია და მისით დღემდე არავის უსარგებლია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს რაზმიკ ღუმაშიანისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვები და დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს."
- ნათქვამია კვლევაში.
| Print |