სამართალი
მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში - პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
მართლმსაჯულება თქვენს სამსახურში - ამ სახელწოდებით ახალციხეში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ახალციხისა და ადიგენის მოსახლეობისათვის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაზრდა. პროგრამა ოთხი მიმართულებით იმუშავებს.

1. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების სისტემისა და იურიდიული მომსახურეობის შესახებ სათემო შეხვედრებისა და მედია კამპანიის საშუალებით;
2. მოქალაქეთა დახმარება იურიდიულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში;
3. სასამართლოსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლასა და ნდობის ჩამოყალიბებას;
4. ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ სამართლის კლუბის საშუალებით.

,,პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა ნაკლებად იცნობს ამ სექტორს, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეს რისთვის მუშაობს სისტემა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება გამოადგეს საზოგადოებას მათი არსებობა" -
ამბობს ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი თამუნა კაპანაძე.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში იმასაც განმარტავენ, რომ სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ცენტრის ბაზაზე სამართლის კლუბი შეიქმნება. კლუბში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მართლმსაჯულების ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღონ დარგის ექსპერტების მიერ გამართულ ტრენინგებში, ჩაერთონ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

| Print |