სამართალი
ასპინძაში, მეუღლის მიერ მოკლული ქალი დღეს დაკრძალეს
ასპინძაში მეუღლის მიერ მოკლული თ.ბ. დღეს, 13 აპრილს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გარდაცვლილი ასპინძის სასაფლაოზე დაიკრძალა.

საზარელი შემთხვევა დაბა ასპინძაში 9 აპრილს, ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე 15 ჭრილობა მიაყენა. შედეგად თ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ მ.ზ.-მ იმ პიროვნების ნახვა განიზრახა, ვისზეც ეჭვიანობდა. სახლში მისულს მამა დახვდა, რომელსაც რომელსაც ბლაგვი საგნით, თავსა და ლავიწზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მკურნალობას თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე გადის.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 11-108-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში ჩადენილი დანაშაულსა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან - 15 წლამდე. გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი მუხლით: საქართველოს სსკ-ის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი, თვისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პირველი სხდომა 30 მაისს გაიმართება.
| Print |