საზოგადოება
ახალციხეში გამწვანების აქცია გაიმართა
ნეკერჩხალის, კედრის, ცაცხვის და იფნის 500-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგი სამხარეო ადმინისტრაციის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების, თამარაშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის, კოსტავას ქუჩაზე და ახალციხის ტბის მიმდერბარე ტერიტორიებზე გადანაწილდა.

გამწვანების სამუშაოები ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოებშიც, სადაც 140 ძირი ფიჭვის ნერგი დარგეს.

გამწვანების აქციაში უშუალო მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამართალდამცველებმა მიიღეს. 

„აქციის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციებზე რამდენიმე სახეობის ხე მცენარე დაირგო. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი უბნების გამწვანებაც, დარწმუნებული ვართ ახალი ნარგავები ქალაქს სულ სხვა ელფერს შესძენს და როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის კიდევ უფრი მიმზიდველი გახდება, ამასთან ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება“ – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.



აქცია დაიგეგმა პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ ფარგლებში, სადაც ახალციხელი თამარ კაპანაძის ინიციატივამ ქალაქის გამწვანების თაობაზე, მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. გამწვანების აქცია სამუშაო იარაღებითა და შესაბამისი ინვენტარით ახალციხის პროფესიულმა კოლეჯმა „ოპიზარმა“ უზრუნველყო. ახალი ნარგავების მოვლაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლები იზრუნებენ.
| Print |