საზოგადოება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

 

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

 

“ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, - ნათქვამია პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

გასულ წელს, საფრანგეთმა ეკლესიის არსებული სახით შესანარჩუნებლად სახსრების მოზიდვა დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ძლიერი იყო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია. პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

 

| Print |