საზოგადოება
„ახალი ღვინის ფესტივალში“ სამცხე-ჯავახეთიდან ორი მეღვინე მონაწილეობს

 

11 მაისს, მთაწმინდის პარკში “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. მასში ასობით მეღვინეა ჩართული, მათ შორის ორი სამცხე-ჯავახეთიდანაა. ღვინის კომპანიებს შორის იქნება „ნათენაძის მარანი“, საოჯახო მარნებიდან კი კახაბერ ასპანიძე.

„ნათენაძის მარანის“ დირექტორი გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ ფესტივალზე მესხური თეთრით, მესხური წითელითა და თამარის ვაზით წარსდგება. ყველა ადგილობრივი მესხური ჯიშებია.

„ბოლო მოსავალი უნდა წარვადგინოთ, ამიტომ მექნება ჩიტისთვალა, მესხური მწვანე, ახალციხური თეთრი, ჩიტისკევრცხა და უდის თეთრი. წითელშია - ცხენის ძუძუ, მესხური შავი (საფერავი) და ხარისთვალა“, - ამბობს მესხი მეღვინე.

ფესტივალში 153 საოჯახო მარანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა ასპინძელი კახაბერ ასპანიძე-ფანასკერტელი, რომელიც ყურძნის 24 ადგილობრივი ჯიშით წარსდგება. კაპნის წითელი, თავკალოების თეთრი, ხარისთვალა თეთრი, მესხური რქაწითელი, მესხური მწვანე, მესხური თეთრი, მესხური წვრილმარცვალა, ახალციხური თეთრი, კლარჯული, ცხენისძუძუ თეთრი, როკეთულა, ბროლა, მესხური თითა თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი, თამარის თეთრი, ცხენისძუძუ შავი, ხარისთვალა შავი, კლერტმაგარა, ჩიტისკვერცხა, ბეჟანა, მესხური საინტერესო, თამარის შავი, ხიხვი და ჯავახეთურა.

“ახალი ღვინის ფესტივალი” მეათედ იმართება. ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გრძელდება და მასზე დასწრება უფასოა. ფესტივალზე საქართველოს ყველა კუთხიდან თავს იყრიან დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები და ასოციაციები, რომლებიც 2018 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოებს წარადგენენ.

ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
| Print |