საზოგადოება
ექსკურსიებზე მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება
სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს, რომლის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

პროექტით, ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით; ინიციატივაში ნათქვამია, რომ მგზავრთა რაოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ ხუთი წლით ადრე.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 27 მაისის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იგივე მოქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.

სასკოლო ღონისძიებების დროს მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.



| Print |