საზოგადოება
ხუთ ობოლს დედობას მოხუცებული ბებია უწევს
„ხუთივე შვილიშვილი მარტომ გავზარდე. მე და ჩემს ქმარს აკვანი ღუმელთან გვედგა, საჭმელს ლამფაზე ვუცხელებდით, ჩვრებს ლოგინში ვინახავდი, რომ თბილად ყოფილიყო“.

სონიკ გელაშვილს კიდევ ბევრი აქვს მოსაყოლი. ხუთ ობოლზე მეურვეობის აღება 2014 წელს მოუწია. ეს პერიოდი 70 წლის ქალისთვის, ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჯერ მისი შვილი გარდაიცვალა, შემდეგ კი რძალმა ხუთი შვილი დაუტოვა და სახლიდან წავიდა.

„მეძინა, შვილიშვილის ტირილმა გამაღვიძა. დედამისი დამშვიდობებია, ბებოს და პაპას არ უთხრა, მე მივდივარო, ყველაფერი ჩაალაგა და წავიდა. ყველგან ვიკითხეთ, ვერ მივაგენით“, - იხსენებს სონიკ გელაშვილი.

მშობლების გარეშე დარჩენილ ხუთ არასრულწლოვანს 80 წლის ბაბუა და 74 წლის ბებია ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში ზრდის. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 9 წლის. შვიდსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 550-ლარიანი სოციალური დახმარებაა. თანხა მხოლოდ სურსათის შესაძენად ჰყოფნით. წელს მიწის ნაკვეთი ვერ დაამუშავეს.

„ხალხმა კარტოფილი დათესა და ჩვენ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. ვის ვეხვეწო, ყოველთვის მეზობლები ხომ არ დამეხმარებიან?! ზოგჯერ ვთესავ, ზოგჯერ ვერა. წელს არ დამითესია, შემოდგომით ვერ მოვხანი მიწა, გაზაფხულზეც გამიჭირდა. საწვავი მინდა, რომ ყანა მოვთიბო და დავთესო“, - ამბობს საშა გელაშვილი.

80 წლის კაცს გადაადგილება უჭირს. ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო ხშირად ახსენებს თავს. ამ ზამთარს სახსრების ტკივილი დაეწყო.

ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ გელაშვილების ამბავი სოფელს გასცდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია ზამთარში საშეშე მერქნით ეხმარებიან.

ხუთი ობლის ცხოვრება თანასოფლელებისგან დიდად არ განსხვავდება. 17 წლის სალომე სკოლის დამთავრების შემდეგ ბებიას საოჯახო საქმეებში და უმცროსი დედმამიშვილების მოვლაში ეხმარება, 16 წლის ვასიკომ კი რამდენიმე წელია საქონლის მოვლაში ბაბუა ჩაანაცვლა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში შრომაში 5-17 წლის ასაკის ბავშვთა 4.2%-ია ჩართული. სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ 2016 წელს სკოლა, შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო, სკოლა არც მეტმა და არც ნაკლებმა, 1165-მა ბავშვმა მიატოვა.

ბავშვთა შრომის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვთა 10,56 % ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს ასრულებს. 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 7,2% კვირაში 14-დან 43 საათამდე მუშაობს, 0,5% კი – კვირაში 43 საათზე მეტს.

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი იმის შეხსენებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.
| Print |