საზოგადოება
მანქანიდან გველის გამოყვანას ხალხური მეთოდებით აგრძელებენ
ახალციხეში, ხაშურის ქუჩაზე ავტომობილიდან გველის გამოყვანას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.  ,,ღამე მანქანის ირგვლივ ფქვილის მოყრას და ადუღებული რძის დადგმას ვაპირებთ, იქნებ ამით მაინც გამოვიტყუოთ, ძალიან მეშინია, მთელი უბანი პანიკაში ვართ“,- ამბობს თეა გვირჯიშვილი. 

მანქანის დაშლა ოჯახის წევრებმა ხელოსნის დახმარებით სცადეს, ქვეწარმავლის საწინააღმდეგო სითხეც ასხურეს და გოგირდიც დაწვეს, თუმცა გველი მანქანიდან მაინც არ გამოვიდა.

„ამ ქუჩაზე ბევრი პატარა ცხოვრობს, ყველაზე მეტად ამაზე ვნერვიულობთ. მეზობელმა მითხრა ორი წლის ჩემს ძველ სახლშიც შეძვრა, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ დავინახეთ როგორ გამოსრიალდა“,-ამბობს ავტომობილის მეპატრონე თეა გვირჯიშვილი.

ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ ქუჩაზე გველები ადრეც შეუნიშნავთ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ქვეწარმავლებს აღარ შეუწუხებიათ. ისინი გველის გამოჩენას ტემპერატურის მატებას უკავშირებენ.

მოსახლეობა ახალციხეში სპეციალური სამსახურის არარსებობის გამო ჩივის, შემთხვევის ადგილას მხოლოდ სამაშველო სამსახური მივიდა, თუმცა უშედეგოდ.

ქვეწარმავალი ავტომანქანაში დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის შეძვრა.
| Print |