საზოგადოება
ქუჩები, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ

ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე დადის. რამდენიმე წელია საქალაქოს მარშუტში ცვლილებები არ შესულა. გარეუბანში მცხოვრებ მოსახლეობას კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხვედრა უჭირს.

 


რიფსიმე სტამბოლციანი ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. პენსიონერმა ქალმა ქალაქში მოსახვედრად, საქალაქთაშორისო ავტობუსები უნდა გააჩეროს და სადგურამდე გაჰყვეს.

„ცენტრალურ გზაზე გასასვლელად ერთი კილომეტრის გავლა გვიწევს. რკინიგზა უნდა გადავკვეთოთ და ვაგონების ქვეშ გავძვრეთ. საქალაქო ავტობუსის დანიშვნაა საჭირო, თუნდაც დღეში ორი რეისი გააკეთოს, მთავარია ვიცოდეთ რომ ბავშვები სკოლაში უსაფრთხოდ წავლენ და დაბრუნდებიან“, - გვეუბნება რიფსიმე სტამბოლსიანი.

საქალაქო ტრანსპორტის საჭიროებას ხედავს მისი მეზობელი სერგო ელიანი, თუმცა ფიქრობს, რომ რამდენიმე მგზავრის გამო სამარშრუტო ხაზში მათ უბანს არ დაამატებენ.

საბარგო სადგურის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას, ზარზმელის ქუჩის მოსახლეობაც ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი უბნიდან საქალაქოს მგზავრი ყოველთვის ეყოლება.

„ყინვაში ბავშვი სამ კილომეტრს ფეხით რომ გაივლის, სკოლაში როგორღა ისწავლის. თუ გვეცოდინება, რომ ტრანსპორტი ყოველდღიურად ივლის კონკრეტულ საათებში, აუცილებლად გავყვებით. მოხუცები პენსიის ასაღებადაც ვეღარ გადავდივართ, ხან ვის ვეხვეწებით, ხან ვის რომ გაგვიყოლონ“,- ამბობს მედიკო ზედგინიძე.

თამილა გზირიშვილს ყოველ დილით შვილები სკოლაში ტაქსით მიჰყავს. ბავშვების უსაფრთხოებისთვის ამ ქუჩის მაცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ ტაქსს, რომელსაც 5-6 მოსწავლე დაჰყავს, გადასახადს მორიგეობით გადაუხდიან.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა დიდ პრობლემას მოგვიხსნის, დღეში ორჯერ რომ იყოს მაგაზეც თანახმა ვართ, დილით სკოლის დროს და შუადღით, ბავშვები იქედან რომ წამოყვნენ“,- ამბობს თამილა გზირიშვილი.

გოგებაშვილის ქუჩა ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. რაბათის უბნის მოსახლეობა საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ადგილობრივებს ახალციხის ცენტრიდან სახლამდე კილომეტრიანი აღმართის გავლა უწევთ.

„ასთმა მაქვს, რის გამოც სიარული ძალიან მიჭირს. აღმართზე სანამ ამოვალ ხუთჯერ მაინც ვისვენებ. ძირითადად, გამვლელებს ველოდები რომ გამომიყოლონ. ტრანსპორტის არარსებობის გამო ქალაქში გასვლასაც ვერიდები, მხოლოდ პენსიისთვის დავდივარ“, - გვიყვება რაბათში მცხოვრები ვლადიმირ აკოფიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტის და სოფლის მიმართულებით რეისების შეცვლაზე მუშაობენ. თვითმმართველობაში ჯერ არ იციან, დამატებით რომელ უბნებში მივა ავტობუსი. მანამდე კი საბარგო სადგურის მოსახლეობას სოფლების ავტობუსებით სარგებლობას ურჩევენ. ზარზმელის ქუჩის მოსახლეობას კი, ქალაქამდე მანძილს ახალი მოწყობილი კიბე შეუმცირებს.

ქალაქ ახალციხის მოსახლეობას შპს „ჯეოტივი“ ემსახურება. კომპანიის დირექტორის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე დადის. ქალაქს დილით სამი, საღამოს კი ორი სამარშრუტო ტაქსი ემსახურება. მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში მარშრუტში დამატებითი უბნების ჩასმა არ იგეგმება.

 

| Print |