საზოგადოება
წინუბნის სამკურნალო წყლები ინვესტორის მოლოდინში
წინუბანში გოგირდოვანი, თერმული წყლების ბედს თუ იკითხავთ, ადგილობრივები გეტყვიან, რომ ნანგრევებად ქცეული აბანო შესაძლოა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღადგინოს. წინუბნელებს შორის იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა სოფელში მდებარე თერმული წყლები მოინახულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ბუნებრივმა რესურსმა რომელიმე ბიზნესმენის ყურადღება ვერ დაიმსახურა, აბანო ბოლომდე დაინგრევა, ახალციხე კი უნიკალურ წყალს დაკარგავს.

სოფელ წინუბანს დაახლოებით, სამი კილომეტრით რომ გასცდებით, გზიდან ხელმარცხნივ შენობის ნანგრევები შეგხვდებათ, საიდანაც ორთქლი ამოდის. აქ თითქმის საუკუნეა, თერმული წყლები მოედინება. გოგირდოვანი წყლის მუდმივი ტემპერატურა 39 გრადუსია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლების განმავლობაში მათ სოფელში სამკურნალოდ სხვადასხვა ქალაქიდან დადიოდნენ. 2005 წლიდან, რაც აბანოს ოფიციალური პატრონი აღარ ჰყავს, მისი ნგრევა დაიწყო.

„1958 წელს, ეგ ტერიტორია 475 მეტრზე გაბურღეს. ნავთობს ეძებდნენ, მაგრამ გოგირდიანი, თბილი წყალი ამოვიდა. ეს წყალი მანამდე ცოტა მოშორებით მოდიოდა. პატარა ორმოები, აუზებივით იყო მოწყობილი. 1987 წელს მე გავაშენე კაპიტალურად. კუპეები იყო, აუზები, სინათლე გავიყვანეთ. მეურნეობის სახელზე იყო, ბილეთი იყიდებოდა, ერთი ლარი ღირდა. მეურნეობა რომ დაიშალა, 2000 წელს ლიცენზია ავიღე ხუთი წლით, ვამუშავებდით აბანოს. ვადის გაგრძელებაზე რომ ჩავედი, უარი განაცხადეს, აუქციონზე უნდა გავიდესო, მაგრამ არ გაუტანიათ“
, - გვიყვება არსენ გოგლაური.

ადგილობრივები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ სამკურნალო წყლებს სათანადო ყურადღება მიაქციონ.

წინუბანში გვითხრეს, რომ აბანო, რომელიც 14 წელია ინგრევა, ბიძინა ივანიშვილმა მოინახულა. მოსახლეობა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წყლის სასარგებლო თვისებებით დაინტერესდა.
„ბიძინა ივანიშვილი იყო მოსული, დაათვალიერა აბანოების ტერიტორია, მაგრამ რა მიზნით იყო, ეგ ვინ იცის“.

„მერიც იყო ჩამოსული, გუბერნატორიც, შევხედეთ, რომ პარლამენტარები ჰყავდათ ჩამოყვანილი“.

„აქედან 600-700 მეტრია ბიეთის ტაძარი. მის რესტავრაციას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და არის ლაპარაკი, რომ აბანოებსაც ივანიშვილი მიხედავს და გააკეთებსო“, - ამბობენ წინუბნელები.

„ალბათ, აბანოსაც კარგი ბედი ელის და ბიეთის ტაძარსაც. ამბობენ, აბანოდან ტაძრამდე მიმავალი გზა უნდა გააკეთონო“, - გვითხრა ილო მამლიკიძემ.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც ივანიშვილი ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას ახორციელებს, „ქართუ“ ფონდია. საქველმოქმედო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წინუბნის გოგირდოვან აბანოსთან დაკავშირებით გეგმები არ აქვთ.

„აბანოს შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენ ისტორიული ძეგლების აღდგენას ვახორციელებთ. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. თუ ვინმეს აინტერესებს ბიზნესის მხრივ, ეს კომერციული ხასიათის საკითხია“ - გვითხრა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ფონდის მსგავსად, წინუბნის აბანოების აღდგენასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვთ ადგილიობრივ ხელისუფლებაში. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერია სოფელში მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწყობს.

აბანოს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. უწყებაში გვითხრეს, რომ წყლის სარგებლობაზე ლიცენზია გაცემული არ არის და წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის საინვესტიციო წინადადებით არც არავის მოუმართავს.

„თუ იქნება ვინმეს მხრიდან დაინტერესება, სააგენტო იმსჯელებს ლიცენზიის გაცემაზე. შესაძლოა სახელმწიფომ თქვას, რომ მაქვს განსაკუთრებული საბადო და თუ გაინტრესებთ ინვესტორებო მოითხოვეთ ლიცენზია, მაგრამ როცა რესპუბლიკური მნიშვნელობის ტერიტორიაზე არ არის საუბარი, ასე არ ხდება“, - გვითხრეს წიაღის ეროვნულ სააგენტოში.

გარემოსდაცვითი არასამთავრეობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ურჩევენ, რომ წინუბნის თერმულ წყალზე გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცების ქსელის CENN პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ინვესტორის მოძიება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან და სოციალური პირობების გაზრდასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

„ეს არის რესურსი, რომელიც უქმად არ უნდა იკარგებოდეს. არ უნდა დავკარგოთ დრო, უნდა შემუშავდეს საინვესტიციო პაკეტი და მოხდეს ინვესტორის მოწვევა. სახელმწიფომ უნდა შექმნას საუკეთესო პირობები. თუ ცენტრალური ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს და რესურსი იკარგება, შესაძლებელია თვითმმართველბას მისცენ საშუალება განვითარების გეგმა მოამზადოს“,
- ამბობს რეზო გეთიაშვილი. სპეციალისტს მსგავსი რესურსების ეფექტურად გამოყენების საერთაშორისო მაგალითები მოჰყავს.

„მაგალითად თურქეთში, ფირტინას ხეობაში არის სოფელი აიდერი, სადაც დაახლოებით, 20 წლის წინ იყო 15-მდე მიწური სახლი. აქ არის თერმული წყალი, სადაც საერთაშორისო ინვესტიცია ჩაიდო. მოეწყო ბალნეოლოგიური სადგური, მოხდა საერთაშორისო რეკლამირება და 10-15 წელში პატარა, მიტოვებული სოფელი იქცა ქალაქად. ბუნებრივი რესურსის სწორი გამოყენებით, 100-მდე სასტუმრო აშენდა. ძალიან ბევრი ტურისტი მიდის და ადგილობრივ მოსახლეობას აქვს კარგი შემოსავალი“.

საქართველოს ხელისუფლებას თურქეთისგან განსხვავებით ეს სტრატეგია არ აქვს. ეკონომიკის სამინისტროში ელიან, როდის დაინტერესდება რომელიმე ინვესტორი წინუბნის უნიკალური, თერმული წყლით.
| Print |