საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მუშები გაიფიცნენ

 

სამი დღეა ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მშენებლობა შეჩერებულია. მუშები დაგვიანებული ხელფასების გამო გაიფიცნენ. სამუშაოების გაგრძელებას მანამდე არ აპირებენ, სანამ შრომის ანაზღაურების რამდენიმეთვიან დავალიანებას არ გადაუხდიან.

„დაახლოებით, 60 მუშა ვართ. ქუჩაში არ ვდგავართ და არ ვჩხუბობთ. სახლში ვართ და აღარ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

„ვერ მივაღწიეთ შედეგს. ვმუშაობთ თვეებია და ხელფასს რომ მოვითხოვთ, გვეუბნებიან ხვალ იქნება, ზეგ იქნება. გავიდა ამდენი ხანი“.

„გადავწყვიტეთ, რომ სანამ ხელფასის დავალიანებას არ მოგვცემენ, არ ვიმუშაოთ. გვატყუებენ“,
- ამბობენ მუშები.

შპს, რომელიც რკინიგზის ამ მონაკვეთს აშენებს, „დემირიოლსერვისია“.კომპანიაში დილით გვითხრეს, რომ დეტალებს გაარკვევდნენ, მას შემდგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

საქართველოს ტერიტორიაზე კურატორი კომპანია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზაა“. მას კონტრაქტორი კომპანიები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთზე მუშაობენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ხელფასები მათ არ ეხებათ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„მუშებს შრომითი ხელშეკრულება დადებული აქვთ ჩვენს კონტრაქტორებთან. შესაძლოა, ჩვენი კონტრაქტორების ქვეკონტრაქტორებთანაც მუშაობდნენ. მშენებელ კომპანიებს ჩვენთან აქვთ ვალდებულება, რომ სამუშაოები ხარისხიანად და დროულად შეასრულონ, თუმცა ის ვისთან დადებს ხელშეკრულებას და რა პირობებით, ამაში ვერ ჩავერევით“, - გვითხრა პრესსამსახურის თანამშრომელმა ქეთევან შაიშმელაშვილმა.

მოგვიანებით შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზიდან“ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გაფიცვის მიზეზი გაარკვიეს.

„გენერალურ კონტრაქტორს დავეკონტაქტეთ და გვითხრეს, რომ სახელფასო დავალიანებას ერთ კვირაში გაისტუმრებენ“.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოში 180 კმ. მარაბდა-კარწახის ტერიტორიაზე გადის. კურატორ კომპანიაში ამბობენ, რომ სატვირთო გადაზიდვები სატესტო რეჟიმში ხორციელდება. წლის ბოლოს სამგზავრო გადაყვანა, ასევე სატესტო რეჟიმში დაიწყება. დაგეგმილია 11 სადგურის მშენებლობა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

| Print |