საზოგადოება
ტროტუარები - ქვეითის პრობლემა ახალციხეში
ახალციხის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოუწესრიგებელი ტროტუარებია. მოსახლეობის აზრით, ტროტუარების ნაწილი თოვლმა და წვიმამ, ნაწილი კი წლების განმავლობაში უყურადღებობამ დააზიანა.

ქვეითებს წლებია გადაადგილება მოუწესრიგებელ ტროტუარზე ან კიდევ არარსებულ სავალ ნაწილზე უწევთ. ქალაქის ცენტრში ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც რომელიმე ქუჩის ტროტუარზე, ფეხით სიარული პრაქტიკულად შეუძლებელია.


გადათხრილი ტროტუარები პრობლემას უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც სპეციალური ეტლით გადაადგილდებიან, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც ბავშვებს ასეირნებენ.

მიუხედავად გაკეთებული ტროტუარებისა, მესხეთის ქუჩაზე ქვეითებს კვლავ მანქანის სავალ ნაწილზე უწევთ გადაადგილება, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

ახალციხეში არამარტო ქალაქის ცენტრალური ნაწილის, არამედ ქუჩებში არსებული ტროტუარების უმრავლესობა რეაბილიტაციას საჭიროებს. ორბელიანის ქუჩაზე ტროტუარის მარცხენა მხარეს ასფალტის საფარი დაზიანებულია, რის გამოც ქვეითი მარტო მარცხვენა ნაწილით სარგებლობს.

ვიწრო სამანქანო გზისა და დაზიანებული ტროტუარის გამო რუსთაველის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ხშირად სამანქანო გზას იყენებს.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.
| Print |