საზოგადოება
ცენტრალურ ქუჩაზე დაყრილი ნაკელი
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის 101 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს, საქონლის ფეკალიები აწუხებს. ნაკელი ცენტრალური ქუჩიდან დაახლოებით, 50 მეტრში ყრია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიას ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები აბინძურებენ. ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი გვითხრეს, რომ ნაკერის გორა აქამდე არ შეუნიშნავთ.

78 წლის გურამ ხითარიშვილი რუსთაველის 101 ნომერში 34 წელია ცხოვრობს. აქედან ორი ათეული წელია ეზოსთან გადაყრილი ნაკელის გატანისთვის იბრძვის. ადგილოიბრივი ამბობს, რომ საქონლის ფეკალიის სუნი განსაკუთრებით, ზაფხულში აწუხებთ. სუნის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს, მომრავლებული მწერების ატანაც უწევთ.

რამდენჯერ ავედი და ვესაუბრე ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს. ყველა იძახის ჩვენ არ ვყრითო, აბა ვინ ყრის? ჩემი საუბრის მერე უარესი გააკეთეს და ნაკელის უფრო დიდი გორა დააყენეს“,- გვიყვება გურამ ხითარიშვილი. პენსიონერი მამაკაცი ამბობს, რომ ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„სამი წლის წინ მისული ვიყავი გამგეობაში, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ამის შემდეგ აღარ ვიცი ვის უნდა მივმართო, რომელ უწყებას ეხება ეს საკითხი“.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს ნაკელი მათ ქუჩაზე ხშირად ჩამოდის. იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ ნიაღვარმა ფეკალია წამოიღო და სარდაფები დაიტბორა.

„თითქმის ყოველ დღე ვხედავთ, როგორ ყრიან ნაკელს ჩვენი ქუჩისკენ. ეს ამბავი ერთი დღის ან თვის კი არ არის, წლებია ასე იქცევიან. ადრე ნაგავს გვაყრიდნენ, ახლა ნაკელს. გამორიცხული არაა, რომ ნაგავსაც ურევდნენ ნაკელში“, - ამბობს ნანა მათოშვილი.

რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ ნაკელის გორა თანდათან იზრდება. ფეკალია ყოველ დღე ემატება, მოსახლეობა კი ამბობს, რომ ამის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ.

„მესმის, რომ ვიღაც შეიძლება საქონლის ყოლით ირჩენს თავს, ჩვენ კონკრეტული ადამიანისადმი არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ გვინდა ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და საღამოს ბალიშზე თავი ისე დავდოთ, რომ სუნმა არ შეგვაწუხოს
“,- ამბობს ნანა ლომინაშვილი.

პირველი, რასაც აივანზე გასვლის შემდეგ ხედავს, ნაკელის რამდენიმემეტრიანი გორაა. ნაზი მოდებაძე საკითხის მოგვარებას ახალციხის მერიას სთხოვს.

შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვცხოვრობ, ეზოში გამოსვლაც არ მჭირდება სახლში შემოდის სუნი. გარდა სუნისა, ვეღარ გაგვიგია ქალაქში ვცხოვრობთ თუ სოფელში“.

ერთ-ერთი, ვინც ნაკელს ზარზმელის და რუსთაველის ქუჩებს შუა აგროვებს, სიმონ შუშანიანია. პენსიონერი მამაკაცი ამბობს, რომ საქონელი მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. რძეს და რძის პროდუქტებს წლებია, ქალაქში ყიდის. ზარზმელის #13 მცხოვრები კაცმა გვითხრა, რომ ნაკელი, რომელიც რუსთაველის ქუჩას აწუხებს, ზამთრის დარჩენილია.

„ადრე წყალს ნამდვილად მიჰქონდა ნაკელი ქვემოთ, ახლა სანიაღვრეები გაკეთდა და ეს პრობლემა მოგვარდა. არავინ არ აკეთებს იმას რასაც მე ვაკეთებ, საქონელი ასფალტზე რომ ისაქმებს, იმაზეც რეაგირებას ვახდენ და ვწმენდ“.

ნაკელის მთა, რომელიც 20 წელია იზრდება, თვითმმართველობის წარმომადგენლებს არასდროს შეუნიშნავთ. რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის პრობლემის შესახებ „მეცხრე არხისგან“ შეიტყო ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა. მიშა მაკარიძე ირწმუნება, რომ მათთვის არც ადგილობრივებს მიუმართავთ და არც წერილობითი განცხადება შესულა.

„თუ მოსახლეობა შეგვატყობინებს დარღვევის შესახებ, ადგილზე მივალთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად ვიმოქმედებთ. თუ სახელმწიფო ტერიორიაა დაბინძურებული, მაშინ ზიანის მიმყენებელს მიეცემა გაფრთხილება ან შეიძლება პირდაპირ დაჯარიმდეს“,- ამბობს მიშა მაკარიძე.

რუსთაველის ქუჩის 101 ნომერში დაახლოებით, 40 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ერთხმად მოითხოვენ შესაბამისი უწყებისგან რეგულაციებს, რომელიც ქალაქში სოფლის მეურნეობით დაკავებულ პირებს, ქუჩაში ნაკელის გადაყრას აუკრძალავს.

| Print |