საზოგადოება
"ისტორიული ფაქტების დამახინჯება კონფლიქტის გაღრმავებას უწყობს ხელს" - საპატრიარქო პუტინს ეხმაურება

 

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არცთუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ქართველ ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

"ისტორიული ფაქტების ამგვარი დამახინჯება კი არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს", - აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“
,- ნათქვამია საქართველოს საპტრიარქოს მიერ გავრცელებულ განცადებაში.

​9 ივლისს, ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე, ამის მიზეზად „ქართველი ხალხისადმი პატივისცემა“ დაასახელა და ჟურნალისტებს საქართველოს ისტორიის მისეული ვერსიაც უამბო - გაყალბებული თარიღებითა და ფაქტებით.

პუტინმა თქვა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში; შემდეგ ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის (არა საქართველოს) შემადგენლობაში; რუსეთის იმპერიის დაშლისას (პირველი მსოფლიო ომის შემდეგ) საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, გერმანელების დახმარებით; ქართველი ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ და 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების გენოციდიც მოაწყვეს; საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო; სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი; შემდეგ, საქართველომ ომი დაუწყო აფხაზებსა და ოსებს - რუსეთი კი იძულებული გახდა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა.
| Print |