საზოგადოება
ქორწინებაში ჩაკარგული ბავშვობა
სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით , 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა.

15 წლის სალომე (სახელი შეცვლილია) სკოლაში აღარ დადის. სწავლა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 17 წლის გიორგის (სახელი შეცვლილია) ცოლად გაჰყვა. არასრულწლოვან წყვილს უკვე ორი თვის შვილი ჰყავს. სალომე ამბობს, რომ სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

„გათხოვებაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. ოჯახი სიყვარულის გამო შევქმენი. მეც ჩემს შვილთან ერთად გავიზრდები“, - ამბობს არასრულწლოვანი დედა.
მშობლის სტატუსი აქვს, თუმცა თავადაც მოზარდია. ამაში პრობლემას ვერც სალომე და ვერც ოჯახი ხედავს. ყოველ დღე უვლის შვილს, ასეირნებს, თუმცა ბავშვზე ძირითადად, ოჯახის წევრები ზრუნავენ.

„მეც პატარა ასაკში გავთხოვდი. ახლა ბავშვებს ყველანაირად დავეხმარები, რომ არაფერი გაუჭირდეთ და ცოლ-ქმარს უთანხმოება არ მოუვიდეთ“, - გვიყვება სალომეს დედამთილი.

ნატო (სახელი შეცვლილია) ადიგენის ერთ-ერთი სოფილდან არის. 17 წლის იყო, როცა ცოლად ექვსი წლით უფროს ბიჭს გაჰყვა. ერთ წელში სრულწლოვანი მოქალაქისა და დედის სტატუსი ერთდროულად მიიღო. კოლეჯის სტუდენტის გათხოვება ორი ათეული წლის წინ არავის უკვირდა. პირიქით, ნატო იხსენებს, რომ თუ გოგო 18 წლის გახდებოდა, მის დაქორწინებაზე ფიქრს ოჯახი იწყებდა. ახლა ამბობს, რომ ამ დამოკიდებულების მიზეზი განათლება და საზოგადოების არასწორი შეხედულებებია.

გავთხოვდი იმიტომ, რომ მიყვარდა. დიდი პრობლემა არ ყოფილა. ახლა 18 წლის გოგოს ბავშვს ვეძახით, მაშინ კი ამ ასაკში შვილებსაც აჩენდნენ. მე გამიმართლა და არც ერთი წამით არ მინანია ადრე გათხოვება, მაგრამ ჩემი ქმარი სხვანაირი ხასიათის რომ ყოფილიყო, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. დღეს ყველაფერი შეიცვალა და ძალიან კარგია რომ ახალგაზრდები აღარ ფიქრობენ პატარა ასაკში დაოჯახებაზე“, - ამბობს ნატო.

ქმრის დახმარებით შეძლო, რომ პროფესიულ სასწავლებელში ესწავლა. ახლა სამსახური აქვს, თუმცა იხსენებს, რომ გათხოვების შემდეგ, ისეთ ეკონომიკურ პრობლემებთან მოუხდა შეჭიდება, რომელიც მოზარდ გოგოს არ უნდა ჰქონოდა.

„არც ერთი ვმუშაობდით, ფინანსური პრობლემები გვქონდა. შვილების ყოლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა, ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებოდათ. საჭმელი რომ არ გვქონდა, მე და ჩემი ქმარი პურს მარილიან წყალში ვალბობდით და იმას ვჭამდით, ოღონდ შვილებს არაფერი მოკლებოდათ“.

ნატოს ორი შვილი ჰყავს - 19 და 20 წლის ბიჭები. მათაც და სხვა გოგოებსაც ხშირად ესაუბრება იმ შედეგებზე, რაც პატარა ასაკში დაქორწინებას მოჰყვება.

ტრადიციები, სქესობრივი განათლება არასასურველი ორსულობა - ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზებიდან ზემოთ დასახელებული ჭარბობს - ამბობენ ფსიქოლოგები.

ახალგაზრდებს ვურჩევ, მშობლებთან მყარი კომუნიკაცია ჰქონდეთ. იყვნენ გულწრფელები და თუ რაიმე საკითხი დააინტერესდებათ, მშობლებს პირდაპირ ჰკითხონ. ძირითადად, დღეს სქესობრივი კავშირის მხრივ დგას პრობლემა, ამიტომ ამ საკითხში არა მხოლოდ ბავშის, არამედ მშობლის ინფორმირება და განვითარებაც ძალიან საჭიროა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნაადრევი ქორწინება არა მხოლოდ შვილის, არამედ მშობლის ბრალიცაა“,- გვიყვება რუსუდან ვასილცევი.

ფსიქოლოგის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, როცა მოზარდი სკოლის მერხიდან თხოვდება, ოჯახში ძალადობა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

„გოგოსთვის, რომელიც მშობლების ოჯახიდან ძალადობას გაექცა, გათხოვება მისთვის შვებაა, ხოლო თუ დაქორწინება იძულებითია ან ორსულობის გამოა, მაშინ გოგონას ცხოვრებაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. განათლების შეწყვეტა, ორსულობისა და მშობიარობის გართულებული ფორმები, ოჯახის დანგრევა და ფსიქოლოგიური პრობლემები - ეს ყველაფერი თან ახლავს სასკოლო ასაკის ბავშვის დაოჯახებას“, - გვიხსნის ფსიქოლოგი.

სამოქალაქო სექტორი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების სტატისტიკა გაცილებით მაღალია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მაგალითად, 1 000 მშობიარე ქართველი ქალიდან, 30 არასრულწლოვანია, ეთნიკურად სომეხი 1 000 ქალიდან 18 წელს მიუღწეველი 46 მათგანია, ამდენივე მშობიარე აზერბაიჯანელიდან კი 143 არასრულწლოვანია.

„პირველ ადგილს ქვემო ქართლი იკავებს, მეორე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი. ეს რაც გაცხადებულია და ოფიციალურად შესულია შსს-ში. იმის გამო, რომ არსებობს კანონი, ბევრ შემთხვევაში აფიშირებას არ უკეთებენ. პატარა ასაკში ქორწინების პრევენციაზე სახელმწიფოც მუშაობს. მათ აქვთ საინფორმაციო კამპანიები, რაც საზოგადოების ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი“, - გვიყვება “დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობს.

„მეცხრე არხმა“ მოსახლეობას ჰკითხა, რატომ თხოვდებიან გოგოები პატარა ასაკში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოვბრების ერთ-ერთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს ახალგაზრდები გაუაზრებელად დგამენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 23 202 ქორწინება დარეგისტრირდა, აქედან 2 380 19 წლამდე ასაკის იყო. საყურადღებოა, რომ 16-19 წლის დაქორწინებულებს შორის, 2 054 ქალია, მამაკაცი კი მხოლოდ 326. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ არასრულწლოვნების ქორწინებას ოჯახი ძირითადად, მალავს. პოზიტიურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს ის მონაცემი, რომლის მიხედვითაც ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა. თუ 1994 წელს ქალის ქორწინების საშუალო ასაკი 23 წელი იყო, 2018 წელს 29 წლამდე გაიზარდა.

Anglų Anglų kalbos kursai internetu,vasaros vaikų stovyklos Vilniuje, Kaune, Klaipėdoje, lietuvių ir anglų kalbos, chemijos, matematikos korepetitorius intellectus.lt
| Print |