საზოგადოება
უარი „ღირსეულ სიბერეს“
მოქალაქეები დაგროვებით საპენსიო სისტემას ტოვებენ. 11 ივლისის მდგომარეობით, ფონდიდან გავიდა 40 წელს ზემოთ მყოფი პარლამენტის 16 დეპუტატი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილიც.

49 წლის გიორგი ლომსაძე კერძო სექტორში მუშაობს. მას სოციალური მომსახურების სააგენტოში შევხვდით, სადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლისთვის განცხადების დასაწერად მივიდა.

„ისედაც მიზერული ხელფასი მაქვს, საპენსიოს რომ მაჭრიან, აღარაფერი მრჩება. ანაზღაურება შედარებით მაღალი რომ მქონდეს, არც ერთი წუთით ვიფიქრებდი გამოსვლაზე“,- ამბობს გიორგი ლომსაძე.

ამავე მიზეზით დატოვა საპენსიო ფონდი ჯუმბერ ჯაფარიძემაც.

„ხელფასი, რაც მაქვს, ისიც ძლივს გვყოფნის ოჯახს. თვითონ ფონდის საქმიანობა კარგია, მაგრამ ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა არ მაძლევს ფონდში დარჩენის საშუალებას
“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში მისული დასაქმებულებიდან, ამ მიზეზის გარდა, კიდევ ერთს მოისმენთ. მათი ნაწილი საპენსიო სისტემას არ ენდობა.

„ვინ იცის რა მოხდება, რამდენი მთავრობა შეიცვლება. თანხა რომ დაიკარგოს? როგორც ანაბრები შეჭამეს, ეგრე რომ მოხდეს? მორჩევნია ახლა მოვიხმარო ეგ თანხა
“, - გვითხრა 44 წლის ქალმა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს და ამის გამო ვინაობის დასახელება არ ისურვა.

სამივე შემთხვევისგან განსხვავებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვებას არ აპირებს ნოდარი. შუა ხნის მამაკაცი კერძო კომპანიის თანამშრომელია. ამბობს, რომ საპენსიო ასაკს მალე მიაღწევს და მანამდე დაგროვებული თანხით ნორმალურ პენსიას მიიღებს.

„თუ გაამართლა ხომ კარგი, მოხუცებულობაში ცოტა მაინც წამეშველება დაგროვილი თანხა, თუ დაიკარგება და თვეში 30 ლარი არც დამაქცევს და არც ამაყვავებს. ამის გარდა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემ გადახდილ თანხას ერთ იმდენს ამატებენ სახელმწიფო და ჩემი სამსახური. საერთო ჯამში, თვეში 90 ლარი მიგროვდება“.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება შეუძლია პირს, რომელიც 2018 წლის ექვს აგვისტოს იყო 40 ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის ექვსი აგვისტოს შემდეგ შეუსრულდა, საპენსიო ფონდის დატოვების უფლება არ აქვს. მას, ვისაც სისტემის დატოვების სურვილი აქვს, განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა დაწეროს.

„ჩვენ მხოლოდ განცხადების მიღება და მისი ბაზაში ატვირთვა გვევალება. მოქალაქე ბაზაში შეყვანისთანავე ავტომატურად ირიცხება საპენსიო ფონდიდან“,
- ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის უფროსი. დავით გოგალაძის თქმით, ბოლო პერიოდში, საპენსიო ფონდის დატოვების მსურველთა რაოდენობამ იკლო. სამხარეო ცენტრის უფროსი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ დასაქმებულების ამ ნაწილმა სოციალურ სამსახურს მალევე მიაკითხა. 16 ივლისის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთიდან საპენსიო ფონდი 4 863 ადამიანმა დატოვა.

საზოგადოების მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა - სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემას ეს კომპონენტი აკლია. „საზოგადოება და ბანკების “ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებას პროექტის დაწყებამდე ამ გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა.

„მოსახლეობის ნდობა მთავრობას საპენსიო ფონდის ამოქმედების პირველივე ეტაპზე არ ჰქონდა. ვისაც ასაკი არ უწყობს ხელს ის ფონდში იძულებით რჩება, ვინც არა და გადის ფონდიდან. მათემატიკის და ციფრების მიღმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია მოლოდინი და ნდობა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ დამჯდარა კალკულატორთან და არ დაუთვლია, საბოლოოდ რა თანხას დააგროვებდა საპენსიო ასაკისთვის“,- ამბობს გიორგი კეპულაძე. „საზოგადოება და ბანკების “ თავმჯდომარე ხელისუფლებას ურჩევს, მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ 20-25 წლის შემდგომ ეს თანხა ნამდვილად დაუბრუნდებათ და მისი რაოდენობა გაზრდილიც იქნება.

საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ ფონდში რეგისტრირებულია 844 000 დასაქმებული, მათთვის დარიცხული სარგებელი კი - 3 800 000 ლარია. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაახლოებით, 13% დატოვა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. მასში ყველა დასაქმებული ავტომატურად ჩაერთო. თუმცა სამი თვის შემდეგ, 40 და მეტი ასაკის მოქალაქეებს ორთვიანი ვადა აქვთ, რომ სისტემა დატოვონ.

| Print |