საზოგადოება
წყალში „მოცურავე“ ლიფტი
ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე, თამარაშვილის #2-ში, რვასართულიან კორპუსში სამი ლიფტი დამონტაჟდა. ახალციხის მერიამ მათი მოწყობისთვის 157 199 ლარი დახარჯა. მოსახლეობა კმაყოფილია, თუმცა შიშობენ, რომ ლიფტით მგზავრობა უსაფრთხო არ არის. სარდაფი, სადაც მთავარი მექანიზმია დამონტაჟებული, წყლით იტბორება.

ნადეჟდა ბარძიმაძე 45 წელია რვასართულინ კორპუსში ცხოვრობს. 74 წლის ქალს სახლი მეორე სართულზე აქვს და ახალდამონტაჟებული ლიფტით გადაადგილება არ უწევს. ამის მიუხედავად, დატბორილი სარდაფების პრობლემა მასაც აწუხებს. ამბობს, რომ მილებიდან წყალი წლებია ჟონავს, თუმცა მიზეზი ვერავინ დაადგინა.

„იმედია კანალიზაცია არ არის, დიდი ალბათობით სასმელი წყალია, რომელიც სადარბაზოებშიც დგება. პრობლემა მეზობლებშიცაა, თავის შეწუხება არავის უნდა, რომ ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა. გარდა ამისა, როცა გაყვანილობები გააკეთეს, თავის დროზე არავის შეუმოწმებია როგორ გაკეთდა“.

რვასართულიანი კორპუსის მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა მაშინ დაემატა, როცა სამივე სადარბაზოში ლიფტები დაამონტაჟეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარდაფში, რომელიც მუდმივად წყლით ივსება, ლიფტის მტავარი მექანიზმია დამონტაჟებული.

„მე მეორე სართულზე ვცხოვრობ, ლიფტის არსებობა ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არიუს, თუმცა საფრთხეს უქმნის მეზობლებს. იმედია, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და მეზობლებს უსაფრთხოდ გადაადგილება შეეძლებათ“, - გვიყვება საბა ჩუბინიძე.

ირმა გვირჯიშვილიც ამავე სახლში ცხოვრობს, მეორე სადარბაზოში. ამბობს, რომ დატბორილი სარდაფები არა მარტო მაცხოვრებლებს, არამედ პირველ სართულზე განთავსებულ, სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს აწუხებთ.

„წყალი საიდაან გამოდის ვერ გავიგეთ. ხელოსანიც ჰყავდათ მოყვანილი, თქვა რომ სისტემა გამართულია და მოსახლეობის არ არის. ახლა ლიფტიც წყალში ჩადის და ამოდის. საშიშია, დენი გადის მიწაში“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსში ლიფტის დამონტაჟების შემდეგ, სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს, თუმცა წყალმა დაგროვება ისევ დაიწყო. მოსახლეობა მიზეზის დადგენას ითხოვს.

კორპუსში ლიფტების მონტაჟი არ დასრულებულა. სამუშაოებს შპს „ტექ სერვის +“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა მონტაჟის დროს აღმოაჩინეს და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შეატყობინეს.

„უსაფრთხოების მხრივ დაცული არ არის, რადგან ლიფტი წყალში ჩადის და ამოდის. ადრე თუ გვიან შესაძლებელია ნაწილი გაუფუჭდეს და გაჩერდეს. მართალია ლიფტი თანამედროვეა, რკინითაა გაკეთებული და უჟანგავია, დამიწებაც აქვს, თუმცა შახტაში წყლის არსებობა სასურველი მაინც არ არის“, - გვითხრა აკაკი ლიკლიკაძემ.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში დატბორილი სარდაფების მიზეზი, ერთ-ერთი ადგილობრივის წყალგაყვანილობაა.

„ეს საკითხი ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ კერძო მესაკუთრის წყალგაყვანილობის მილებია დაზიანებული, საიდანაც წყალი სარდაფში გროვდება. მოქალაქეს მიეცა მითითება ამის შესაკეთებლად
“, - გვითხრეს ახალციხის მერიის პრესსამსახურში.

თამარაშვილის #2-ის მოსახლეობა ამბობს, რომ ერთი თვის წინ სპეციალისტები თავად მიიყვანეს. ადგილობრივებს სურდათ დაედგინათ, რომელი მილი იყო დაზიანებული. მუშებმა კი კერძო მესაკუთრის დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.

სად გვაქვს დასაკარგი წყალი? ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის, წყალი ჩვენგან არ იღვრება. ვფიქრობ, დრენაჟების პრობლემის ბრალია. სანიაღვრეები არ არსებობს და წვიმის წყალი ჩადის“, - გვითხრა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.

შრომის უსაფრთხოების ექსპერტი თვითმმართველობას ურჩევს, რომ პრობლემა დროულად გადაჭრას.

„ელექტროენერგიის გაყვანილობასთან წყალი არ უნდა იყოს, ამას არ სჭირდება დიდი პროფესიონალიზმი და კვლევა. საკითხით უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი ხელისუფლება“, - ამბობს გივი დოლიძე.


| Print |