საზოგადოება
ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მუშებმა, სატვირთო მატარებელს გზა გადაუკეტეს
ექვსსაათიანი გაფიცვის შემდეგ, 60-მდე მუშამ ბაქო-თბილისი-ყარსის გადაკეტილი რკინიგზა გაათავისუფლა. მატარებელმა, რომელიც შიდა სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებდა, ლიანდაგზე მოძრაობა გააგრძელა. მუშები ამბობენ, რომ დამსაქმებელსა და გაფიცულებს შორის, შეთანხმება შედგა.

„პირველ საათზე დავიწყეთ და შვიდზე დასრულდა გაფიცვა. შეგვპირდნენ, რომ ხელფასების დავალიანებას ხვალ, 24 ივლისს სრულად დაგვიფარავენ. სანამ არ ჩაირიცხება, სამუშაოზე არ გავალთ“,
- გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, ივლისის თვეში დღეს, მესამედ გაიფიცნენ. ამჯერად მათ, თურქეთიდან მომავალ მატარებელს გზა გადაუკეტეს და დამსაქმებელ კომპანიას სახელფასო დავალიანების დაფარვა ამ ფორმით მოსთხოვეს.

თურქეთ-საქართველოს საექსპორტო ტვირთის მატარებელმა პირველი რეისი დღეს შეასრულა. გაცილების ცერემონია თურქეთის დროით 15.00 საათზე ერზურუმში, პალანდოკენის ლოჯისტიკურ ცენტრში გაიმართა.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მატარებელი საქართველოში ჯერ არ შემოსულა, შესაბამისად ტვირთის გადაზიდვას ხელი არ შეშლია.
| Print |