საზოგადოება
შემოსავლის ბოლო შანსი
მათ ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებში შეხვდებით. ყველას ერთი მიზანი აქვს - კარგ ფასად და დიდი რაოდენობით გაყიდონ პროდუქტი, რომელიც სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე აქვთ შემოლაგებული. ხილი, ბოსტნეული, სუნელები, რძის ნაწარმი, მწვანილები - მათი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში ოჯახების რჩენის ბოლო შანსია.

ანუშკა პეტროსიანის ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაა. ახალციხეში, იაძის ქუჩის კუთხეში ყველით, მწვანილით, ხახვითა და კარტოფილით ვაჭრობს. შუა ხნის ქალს სისხამ დილით ახალციხის ცენტრალური ბაზრიდან პროდუქტი ყოველ დღე, ფეხით ამოაქვს და იაძის ქუჩაზე, ორი თვის წინ დაკავებულ ადგილზე შლის.
„არც ხელფასი მაქვს და არც პენსია, ამით ვირჩენთ თავს. მყიდველი ბევრი არ მყავს, მაგრამ ცოტ-ცოტა ფული მაინც მრჩება. ცენტრალურ ბაზარში არ იყიდება პროდუქტი, თან იქ ბევრი გამყიდველია. აქ დგომა უფრო მომგებიანია და ამიტომ შევარჩიე ეს ტერიტორია“,-გვიყვება ანუშკა და თან კონებად შეკრულ მწვანილს წყლით ნამავს. პროდუქტს სოფლიდან ჩამოსული ხალხისგან ყიდულობს. ამბობს, რომ ბოსტნეულს გაყიდვის დროს მხოლოდ 10-15 თეთრს უმატებს.

„დავინახე, რომ ძალიან მიჭირდა, ვიფიქრე რით დავეხმარო ჩემს ოჯახს მეთქი. გადავწყვიტე ვაჭრობა დამეწყო“.

ანუშკასგან განსხვავებით, საკუთარ ეზოში მოყვანილ მწვანილს, ანა კაველიძე ამავე ქუჩის მეორე ბოლოში ყიდის. ადგილს ხშირად იცვლის, რადგან მცხუნვარე მზეს ერიდება, თუმცა იაძის ქუჩას არასდროს ტოვებს. ვაჭრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა.

„არ ვყიდულობ და არ ვყიდი. ბოსტანში ვთესავ მწვანილს, ვკრეფ, აქ მომაქვს და ვყიდი. ძროხებიც მყავს. რძეც ყოველ დღე მომაქვს, ჩემი კლიენტი ყოველთვის მყავს. იციან აქ რომ ვდგავარ, მოდიან და მიაქვთ“
,- ამბობს ანა.
ვაჭრობისას დაგროვილმა გამოცდილებამ პენსიონერ ქალს აჩვენა, რომ „სახლში მიტანის სერვისი“ ეფექტურად მუშაობს. წლებია ანა კაველიძეს, საკუთარი ძროხის რძე მომხმარებელთან თავად მიაქვს და 1.50 ლარად ყიდის.

“არ ვმუშაობ, სახლში რა გამეკეთებინა. სახლისთვის ისედაც მომყავს მწვანილები, ხომ არ გავაფუჭებდი, ამიტომ გადავწყვიტე ქალაქში წამომეღო და გამეყიდა. პენსიას ჩემი ვაჭრობით აღებული ფულიც ემატება და შვილიშვილებისთვის წასაღები ტკბილეულის ფულიც ასე მიგროვდება“.

იაძის ქუჩის მოვაჭრეებს შორის, ყველაზე ახალბედა ოტია ოქრომელიძეა. 29 წლის ბიჭმა თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსი საზამთროთი ორი კვირის წინ გაავსო და ახალციხის ცენტრალურ ქუჩას, მომხმარებლის მოლოდინით მიაკითხა.
„ავეჯის ხელოსანი ვარ, ჩემს სფეროში მეტი საქმე და შეკვეთა ამ ეტაპზე აღარ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე სხვა საქმით დავკავებულიყავი. გონივრულად ვამჯობინე ჩემი შესაძლებლობები ვაჭრობაში გამომეყენებინა“.

ახალგაზრდა ბიჭის თქმით, საზამთროს გასაყიდად ეს ქუჩა ხალხის სიმრავლის გამო შეარჩია. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე რვა წლის წინ ბაზარი ფუნქციონირებდა. მისი დახურვის მიუხედავად, ახალციხელებმა ამ ადგილზე ვაჭრობა მაინც გააგრძელეს.
ყუთზე დაწყობილ ხმელ, დაფქულ ქინძს, ოხრახუშს, სვანურ მარილსა და სხვადსხვა შერეულ სუნელებს კოსტავას ქუჩაზე შეხვდებით. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვისფერთვალებიანი, მეგრელი ქალი ზის. ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა, თუმცა ახალციხელები მას სურათის გარეშეც ამოიცნობთ. ვაჭრობა მას შემდეგ დაიწყო, როცა ოჯახს ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის დაფარვისას, საარსებოდ მხოლოდ 90 ლარი დარჩა.

„მეგრელებმა კარგი აჯიკის დამზადება ვიცით, ეს საქმე კარგად გამომდიოდა. გადავწყვიტე ჩხოროწყუდან ახალციხეში ნათესავთან ჩამოვსულიყავი და აქ წამომეღო ჩემი მომზადებული პროდუქტი. ლიმონი დასავლეთში ყველა ოჯახშია, აქ კიდევ კარგად ფასობს“, - გვიყვება პენსიონერი ქალი.

როცა სამეგრელოში ჩასვლას ვერ ახერხებს, სუნელებსა და ლიმონს მისი ქმარი უგზავნის. სამ წელში ახალციხის გაცნობა მოასწრო. „სუნელების გამყიდველი ქალი“, რომელიც ალბათ ყველას შეგხვედრიათ, ახალციხეს ერთ წელში სამუდამოდ დატოვებს. ამბობს, რომ ცოლ-ქმარი სესხის გადახდას ასრულებენ.

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. სამსახურის უფროსის თქმით, თუ ქუჩაში გადაადგილება არ იზღუდება, მკაცრ ზომებს არ მიმართავენ.

"გარემოვაჭრეებს ჩვენი სამსახური ვერ აჯარიმებს, ეს საპატრულო პოლიციას ეკუთვნის, თუმცა თუ მერიაში განცხადებით ვინმე შემოვა, აუცილებლად მივდივართ ადგილზე და შემდეგ მივმართავთ პოლიციას",-
ამბობს მიშა მაკარიძე.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერით, არაერთი ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულება ქვეყანას შიდა ბაზრების რეგულირებას უწესებს. მიხედავად ამისა, საქართველოში გარე ვაჭრობა გადაუჭრელ პრობლემად იქცა.
| Print |