საზოგადოება
მუშების პროტესტით მოპოვებული ხელფასის ნაწილი
ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულებს, სახელფასო დავალიანების მხოლოდ ნაწილი აუნაზღაურეს. თუმცა ამისთვის მუშებს ჯერ გაფიცვა, შემდეგ საპროტესტო აქციების გამართვა და მატარებლის ლიანდაგის გადაკეტვა მოუწიათ.

გია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, ახალქალაქის მონაკვეთზე მუშაობს. ორი თვის ხელფასი დღეს, 24 ივლისს ჩაერიცხა. ამბობს, რომ კიდევ ორი თვის შრომის ანაზღაურება, დაპირების მიუხედავად არ მიუღია.

"ზოგს ორი, ზოგს ერთი თვის დაერიცხა. გვითხრეს დარიცხვის პროცესი მიმდინარეობს და ხვალ, 25 ივლისს დასრულდებაო. როგორც შევხედეთ, აპრილი-მაისი გაგვისტუმრეს, ივნისი-ივლისი ისევ დავალიანებაა.მე სამუშაოდ გასვლას არ ვაპირებ, იმედი არ მაქვს, რომ დანარჩენ თანხასაც დამირიცხავენ. ზოგმა თქვა დავუბრუნდები სამუშაო ადგილსო. ხვალ გაირკვევა რას მოვიმოქმედებთ".

რატომ ვერ მიიღეს დაპირებული ხელფასი და რატომ არ შესრულა მშენებელმა კომპანიამ დირექტორის სიტყვა - შპს "დემირიოლსერვისიდან" პასუხს მთელი დღეა ველით. 

ოთხთვიანი სახელფასო დავალიანების მიღების ბოლო მცდელობა ლიანდაგის გადაკეტვა იყო. მუშებმა გზა სატვირთო მატარებელს ექვსი საათით, 23 ივლისს გადაუკეტეს. რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ლიანდაგი მხოლოდ მშენებელი კომპანიის უფროსთან მოლაპარაკების შემდეგ გაათავისუფლეს. დამკვეთი დაჰპირდა, რომ შრომის ანაზღაურებას სრულად დღეს, 24 ივლისს დაუფარავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა რკინიგზაზე დასაქმებული თანამშრომლები კუთვნილი თანხის მისაღებად პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართეს. პირველად 60–მდე მუშა 3 ივლისს გაიფიცა და მშენებლობა შეაჩერა. მაშინ ამბობდნენ, რომ სამუშაოებს მანამ არ გააგრძელებდნენ, ვიდრე კომპანია შრომის ანაზღაურების დავალიანებას სრულად არ გადაუხდიდა.

„დაახლოებით, 60 მუშა ვართ. ქუჩაში არ ვდგავართ და არ ვჩხუბობთ. სახლში ვართ და აღარ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

„ვერ მივაღწიეთ შედეგს. ვმუშაობთ თვეებია და ხელფასს რომ მოვითხოვთ, გვეუბნებიან ხვალ იქნება, ზეგ იქნება. ამ ლოდინში თვეები გავიდა“- ამბობდნენ მუშები.

კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს გავიდნენ, თუმცა დაპირების შეუსრულებლობის გამო 10 ივლისს გაფიცვა ისევ გააგრძელეს.

გაფიცულ თანამშრომლებს მხოლოდ 19 ივლისს ჩაერიცხათ ხელფასი, ისიც მხოლოდ ერთი თვის.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოში მარაბდა-კარწახის ტერიტორიაზე, 180 კმ. გადის. სამუშაოების გენერალური შემკვეთი „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალია“. მისი ქვეკონტრაქტორი კი შპს „დემირიოლსერვისი“. ახალქალაქში ამ ეტაპზე ვაგზლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით, 50-60 პირია დასაქმებული.

ამასობაში კი თურქული ტვირთი საქართველოსკენ დაიძრა. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის პირველი, სატესტო რეისი 23 ივლისს შესრულდა. მატარებელი საქართველოში ჯერ არ შემოსულა. მას ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთი მოაქვს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

| Print |