საზოგადოება
გართობის ალტერნატივა ახალციხეში
ახალციხეში, მოქალაქეების დიდი ნაწილი, ერთადერთ გასართობ ადგილზე, ტბაზე იყრის თავს. მათი ნაწილი ტერიტორიას სავარჯიშოდ, ნაწილი კი დროის გასაყვანად იყენებს. აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით.ზოგიერთი მათგანი მეგობრებთან ერთად მზესუმზირას მიირთმევს, ზოგიც კი მთვარის შუქზე, ტბის ნაპირზე სეირნობს.

19 წლის ნიკა აკოფაშვილი ახალციხის ტბაზე ყოველ საღამოს, მეგობრებთან ერთად დადის. ამბობს, რომ სავარჯიშოდ კარგი ადგილია, მაგრამ აქ ახალგაზრდები ვერ გაერთობიან.

„მომწონს წყალთან ახლოს ყოფნა, ეს სიმშვიდეს მანიჭებს. ახალციხელი ახალგაზრდების უმეტესობა ტბაზე ატარებს დროს და მათთან ურთიერთობის დამყარებაც ამ ადგილზე მარტივია. სავარჯიშოდ ამ ტერიტორიას ყოველ დილით ვიყენებ. ვისურვებდი რომ უფრო მეტი გასართობი ადგილი იყოს ჩვენს ქალაქში“,
- ამბობს ნიკა. 

ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ ახალციხეში ტბას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ამ ტერიტორიას ხშირად სტუმრობს. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ბავშებისთვის მეტი ატრაქციონი დამონტაჟდება, მოზარდებისთვის კი კინოთეატრი ან ფილმის საყურებლად განკუთვნილი ადგილი გამოყოფა.

მეგობრებისა და ოჯახების გარდა, აქ იმ ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებსაც დამღლელი დღის შემდეგ, მშვიდად სეირნობა სურთ. ერთ-ერთი მათგანი მარიამია, რომელიც ტბას „გულის გადასაყოლებლად სტუმრობს“.

„ეს ადგილი ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, ძირითადად მაშინ მივდივარ, როცა ჩემი გონება ზედმეტად გადაღლილია და მარტო ყოფნას მოითხოვს. განტვირთვაში ძალიან მეხმარება წყლის ხმა, ხშირად ბაყაყების ყიყინიც“.

ახალციხის ტბაზე ადგილობრივების გარდა, ხშირად შეხვდებით ქალაქის სტუმრებსა და ტურისტებს. საინტერესოა, როგორ ჩანს მათი გადმოსახედიდან ახალციხელების სავარჯიშო და გასართობი ადგილი.

იზაბელა ცურმუტიანი სარატოვიდან ახალციხეში დასასვენებლად, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ ქალაქი ძალიან მოსწონს, მაგრამ გასართობი ადგილები რომ არ არის, ეს სტუმრობის პირველივე დღეს შეამჩნია.

„თინეიჯერებისთვის გასართობი ახალციხეში არაფერია. არის ტბა, თუმცა ეს ადგილი სავარჯიშოდ უფრო კარგია. უკეთესი იქნება დისკოთეკა რომ იყოს, ან ტბის ტერიროტიაზე სიმღერები მაინც იყოს ჩართული“,- ამბობს იზაბელა.

ამის მიუხედავად, რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებელი, ტბას თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობს. მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია, ამიტომ ამ ტერიტორიასაც სავარჯიშოდ იყენებს.

ტბის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა. მათი გამოყენება ნებისმიერ მსურველს, უფასოდ შეუძლია. ტრენაჟორები განსაკუთრებით იმათ მოსწონთ, ვინც ტბაზე სავარჯიშოდ დადის.

გამორთული შადრევენები, სასმელი წყლის არქონა - ტბის განვითარებასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ა(ა)იპ – „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირებაა“. მისი დირექტორი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ მუნიციალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ეძებს გამოსავალს, როგორ აამუშაონ გაფუჭებული შადრევნები.

„ჩამოყვანილი გვყავდა სპეციალისტი, რომელმაც თქვა, რომ წყალი უნდა დაშრეს და შადრევნები ისე შეკეთდეს. ტბაში დიდი ოდენობით თევზია და როგორ უნდა მოხერხდეს არ ვიცით. სხვა სპეციალისტებს მოვიწვევთ, იქნებ გამოსავალი სხვანაირად ვნახოთ“.

ტბის ადმინისტრაცია ვიზიტორებს გართობის ოთხ გზას სთავაზობს. ერთი საათით ნავის და ველოსიპედის ქირაობა, ასევე თევზაობის უფლების მოპოვება ხუთ ლარად შეგიძლიათ, წყლის ველოსიპედით გასეირნებისთვის კი 10 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არ არის სასმელი წყალი. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წყურვილის მოკვლა საპირფარეშოში, ონკანიდან შეიძლება. „მეცხრე არხის“ კითხვაზე, ხომ არ გეგმავენ წყლის ბიუვეტის დადგმას ეზოში, ჯემალ გიორგაძე ამბობს, „ვიფიქრებთ მაგაზე, დავინტერესდებით. კარგი აზრია რომ გარეთ გამოვიდეს წყალი“.

| Print |