საზოგადოება
„გრინვეის“ ტექდათვალიერების მოძრავმა ჯგუფმა ახალციხე დატოვა
ავტომობილის ინსპექტირების მოძრავმა ხაზმა, რომელიც „გრინვეის“ ეკუთვნოდა, ახალციხიდან ასპინძაში გადაინაცვლა.

„გრინვეიში“ ამბობენ, რომ ასპინძის მერიამ ტერიტორია მერიის მიმდებარედ გამოუყო. აქ ორი კვირიდან ერთ თვემდე დარჩებიან, შემდეგ კი ადიგენში გადაინაცვლებენ.

მობილურმა ჯგუფმა ახალციხე მას შემდეგ დატოვა, როცა ასოციაციამ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები“ ეკონმომიკის სამინისტროს მიმართა. მოძრავი ხაზი ახალციხეში, ტექინსპექტირების ცენტრის შპს „მესხეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული. რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კომპანია ამ გადაწყვეტილებით „ქმნის არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს და მომსახურების გარეშე ტოვებს უამრავ ადამიანს“, რადგან მობილური ჯგუფების შექმნის მიზანია, რომ ავტომობილების ინსპექტირებაზე ხელი მიუწვდებოდეს მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

„მთიან რეგიონებში უნდა იდგეს, მაგრამ ჩემს წინ განთავსდა მობილური ჯგუფი. მილიონიანი ინვესტიცია მაქვს ჩადებული ამ ცენტრში. ჩემს საქმეს ეგენი აკეთებენ. ადრე დღეში 50 მანქანას რომ ვიღებდი, ახლა 20-25 მანქანა მოდის“, - ამბობდა შპს „მესხეთის“ დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე.

„გრინვეის“ მოძრავი ხაზი ახალციხეში 7 მარტიდან 26 მაისამდე, შემდეგ კი 28 ივნისიდან 29 ივლისამდე პერიოდში იდგა. კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში პირველადი ინსექტირება ჩაუტარდა 1 690 ავტომობილს.
| Print |