საზოგადოება
უკანონოდ შეჭრილ ვეტერანებს შენობა დაატოვებინეს
ვეტერანების ოჯახები, რომლებმაც მეშვიდე სკოლა-პანსიონის ყოფილი შენობა უკანონდ დაიკავეს, მოიჯარემ სხვა ფართში გადაიყვანა. შენობას, სადაც ვეტერანები სამი წელია ცხოვრობენ, რეაბილიტაცია უტარდება.

პეტრე იბერის #17-ში ფართი სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაციას უზურფრუქტის წესით აქვს გადაცემული. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა ზუბაშვილმა სამი ოჯახი ამავე ტერიტორიაზე, სხვა შენობაში შეასახლა.

„ერთი ოჯახი თავად წავიდა, სამი ოჯახი მოპირდაპირედ მდებარე შენობაში შევუშვი, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო და პროექტს ვერ შევაჩერებდი. გაუსაძლის პირობებში რომ რჩებიან, ეს ფაქტია“, - გვითხრა ნანა ზუბაშვილმა.

ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავეს. ახალციხის მერიამ მათი გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის #17–ში უკანონოდ მცხოვრები ოჯახების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერანებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
| Print |