ათასობით ციურ სხეულს შორის, ოთხი მათგანი ქართველი მეცნიერების სახელებს ატარებს. პირველად 1970 წელს, ქართველი მკვლევარის მიხეილ ვაშაკიძის სახელი, მთვარის ჩვენთვის უხილავ ნახევარსფეროზე ერთ-ერთ კრატერს დაერქვა, დედამიწის თანამგზავრის კიდევ ერთი კრატერი ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელს ატარებს. მოგვიანებით ახალაღმოჩენილ მცირე ცთომილს ევგენი ხარაძის სახელი მიანიჭეს, კიდევ ერთ მცირე პლანეტა 1996 წლიდან როლან კილაძის სახელობისაა.
23 წლის შემდეგ, მკვლევარ როლან კილაძის სახელმა, მსოფლიო ასტრონომთა წრეში კიდევ ერთხელ გაიჟღერა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონის ზედაპირზე აღმოჩენილ კრატერებსა და ახლო მანძილზე მყოფ სხვადასხვა საგნებს, პლანეტის შესწავლაზე მომუშავე, მსოფლიოს 14 მეცნიერის სახელი მიანიჭა, მათ შორის არის ქართველი მეცნიერი როლან კილაძე. "როლან კილაძე ქართველი ასტრონომია, რომელმაც ერთერთმა პირველმა ჩაატარა პლუტონის დინამიკის, ასტრომეტრიული და ფოტომეტრიული ნოვატორული კვლევები“ – წერია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მკვლევარი 1931 წელს დაიბადა. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობა 1955 წლიდან დაიწყო. სხვა ციურ სხეულებთან ერთად, აქტიურად საწვლობდა პლუტონს. მან პლანეტის თანამგზავრის - ქარონის არსებობა მის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე ივარაუდა. მისი ერთ-რთი მოსაზრება იყო, რომ პლუტონი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, რაც მოგვიანებით თანამგზავრების აღმოჩენით დადასტურდა კიდეც.
თუ როლან კილაძე ვარსკვლავებს და პლანეტებს აკვირდებოდა, მისი შვილი დარეჯან ჯაფარიძე მზეს შეისწავლის.
„ძალიან სასიხარულოა, როდესაც მუშაობა მიწევს მამას კოლეგებთან, რომლებიც იცნობდნენ, მთელი სიცოცხლე მათთან გაატარა, მათ გვერდით მუშაობდა, თუმცა მეორეს მხრივ სამწუხაროცაა, რომ ეს ყველაფერი მუდმივად მამას მაგონებს“, -გვითხრა დარეჯან ჯაფარიძემ. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო კონსულტანტია. ციურ სხეულებს მასთან ერთად მამის მეგობრები აკვირდებიან. ერთ-ერთი შოთა ინასარიძეა. მეცნიერი როლან კილაძესთან ერთად, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მის გარდაცვალებამდე მუშაობდა. ისინი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების დაკვირვებას ერთად ახდენდნენ.
როლან კილაძეს 2001-2005 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის პოსტი ეკავა. მანამდე მან პირველმა გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე და ივარაუდა რომ 2 კმ–ზე მეტი არ იქნებოდა, რაც 28 წლის შემდეგ ჩატარებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა. 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო. 1975 წელს როლან კილაძემ გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი (Nova Cygni). ქართველი ასტრონომი როლან კილაძე 2010 წელს გარდაიცვალა.
„10 წელზე მეტია აბასთუმნის ობსერვატორიის მუზეუმი არსებობს. აქ ერთი კუთხე მთლიანად ბატონ როლანს არის მიძღვნილი“, - ამბობს ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 87 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად, აქ მომუშავე მეცნიერების მიერ, არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. ქართველი მკვლევარის პირველი ასტრონომიული აღმოჩენა, პროფესორ გიორგი თევზაძეს ეკუთვნის. მან 1942 წელს ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი "კომეტა" აღმოაჩინა, რისთვისაც წყნარი ოკეანის რეგიონის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე ქართველი მეცნიერი "ჟოზეფ დონოჰოუს" მედლით დააჯილდოვა.
გასული საუკუნის 50-იან წლებში კი პროფესორმა მიხეილ ვაშაკიძემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. იგი აკვირდებოდა კიბორჩხალის ნისლეულს, ზეახალი ვარსკვლავის 1054 წლის აფეთქების შედეგად დარჩენილ გაზ-მტვროვან ღრუბელს, რომლის შუაშიც ვარსკვლავი იყო. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სრულიად ახალი ამბავი იყო ასტროფიზიკაში.
ობსერვატორიის დაარსებიდან აღმოჩენილი იქნა ახალი ციური ობიექტები:
• 1942 წელს გ.თევზაძემ აღმოაჩინა ორი ახალი კომეტა; 1948 წელსრამზე (რაისა) ბართაიამ აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი;
• 1958-1961 წლებში შ.აფრიამაშვილმა აღმოაჩინა სამი ახალი ვარსკვლავი; • 1967 წელს ა. ჭუაძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი; • 1971-1989 წლებში გივი ქიმერიძემ აღმოაჩინა ექვსი ზეახალი ვარსკვლავი; • 1980 წელს რაგული ინასარიძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი; • 1980-1997 წლებში გივი ქიმერიძემ და რაგული ინასარიძემ აღმოაჩინეს ორი ახალი და ერთი განმეორებადი ახალი ვარსკვლავი.