საზოგადოება
ნახანძრალი შენობის დასუფთავება და ზარალის დათვლა დაიწყეს
ადმინისტრაციულ შენობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, მისი დასუფთავება დაიწყეს. ძირითადად, დაზიანებულია მესამე სართულის ერთი ფლიგელი. სამუშაო კაბინეტებში წყალი ჩამოდის, ხანძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ოთახის ინვენტარი, ერთ კაბინეტში კი ჭერია ჩამონგრეული. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ზარალის დათვლა დღესვე, დასუფთავების შემდეგ მოხდება. ამისთვის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაა საჭირო. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„მანამდე ჩვენ გვაქვს დარბაზი და შესაძლებელია ამ სივრცეში მოვაწყოთ სამუშო კაბინეტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონის პირველმა პირმა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტები და სამართალდამცველები. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს, დაახლოებით 14:10 წუთზე, ცეცხლი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავზე, სავარაუდოდ ელექტროენერგიის გაყვანილობას გაუჩნდა. თანამშრომლების ევაკუაცია ხანძრიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა. ადგილზე მუშაობდა ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით, 40 წუთში მოხერხდა.

| Print |