საზოგადოება
კურორტი აბასთუმანი წყლის და დენის გარეშეა დარჩენილი

 

დაბა აბასთუმნის მოსახლეობას მეორე დღეა ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.

კურორტის ნაწილში დენი 18 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაითიშა. წყალი კი 18-ში, საღამოს ყველა აბონენტთან შეწყდა. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მენეჯერის ბესიკ ფილაურის თქმით, წყლის შეწყვეტა სისტემის რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული.

"ბრიგადები მუშაობენ, ახლა სისტემაზე გადაერთება და სათავეების რემონტი ხდება, მაგრამ უშუალო მიზეზს ვარკვევთ. ახლა სათავეზე ავდივარ და ამის შემდეგ მეცოდინება ზუსტი მიზეზი".

"ენერგო პრო-ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით, 200 აბონენტი დარჩა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ დენის მიწოდება დაახლოებით, 15:00 საათისთვის აღდგება.

"გუშინ დაზიანდა მიწისქვეშა მაღალი ძაბვის 100 კილოვოლტიანი კაბელი. დღეს დილითვე დაიწყეს მუშაობა, გორიდან გამოიძახეს სპეციალური ლაბორატორია, რომელიც მიწისქვეშა კაბელზე დაზიანების ადგილს ეძებს. ეს ადგილი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მუშაობა", - გვითხრეს "ენერგო პრო-ჯორჯიაში".

 

| Print |