საზოგადოება
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია. ამის შესახებ საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს. 

2019წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:

მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს და თბილისის ეროვნულ პარკს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი კი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |