საზოგადოება
2018 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგები
„საქსტატი“ 2018 წლის საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წელს მისი მოცულობა 41.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

2018 წელს მთლიანი ბრუნვის 49.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 29.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.4 პროცენტი, საშუალოზე - 26.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33 პროცენტი.

2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 43.2 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

ამასთან, 2018 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.9 პროცენტი) და მშენებლობა (18.7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.7 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.
| Print |