საზოგადოება
შტორმში, 3 მოზარდის გადარჩენისთვის, სტუდენტი სწავლის საფასურისგან გაათავისუფლეს
საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტს სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა. 25 წლის მამუკა ხილაძე ზაფხულობით, პლაჟზე შეზლონგების გამქირავებლად მუშაობს, სამუშაო სეზონურია და მისი ხელფასი დღეში 30 ლარია. მამუკა სწავლის საფასურს 2 წლის განმავლობაში ასე იხდიდა, ხანაც ზაფხულობით თურქეთში თხილის საკრეფად დადიოდა, მესამე კურსის გადასახადი კი ვეღარ შეაგროვა.

ოთხსულიან ოჯახში მარტო მამუკა მუშაობს. ყოველდღე სოფელ თხილნარიდან მოდის და ბათუმში ზღვის პირას უკვე 4, 5 წელია შეზლონგებს აქირავებს. ამ დროის განმავლობაში მის ჰობად ადამიანების გადარჩენა იქცა. მართალია, მაშველად არ მუშაობს, მაგრამ არაფორმალურად მაინც მაშველია.

2019 წელს, 23 აგვისტოს, ზღვაზე დიდი შტორმი იყო. ამ დღეს მამუკამ 3 მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა.

„იმ დღეს მაშველები პლაჟზე დადიოდნენ და ხალხს აფრთხილებდნენ, რომ ბანაობა აკრძალული იყო. მაშველები მოშორებით იყვნენ ბავშვის ყვირილი რომ გავიგონე, ყველაფერი მივატოვე და გამოვიყვანე. ათი წუთიც არ იყო გასული მამაჩემმა რომ დაიყვირა, მეორეც იხრჩობაო. ძალიან გამიჭირდა გამოყვანა, მაგრამ მეორეც გადავარჩინე, ისიც ბავშვი აღმოჩნდა. დაახლოებით ნახევარ საათში მესამესაც დასჭირდა შველა, იმ დღეს ტალღებს სამი მოზარდის სიცოცხლე გამოვტაცეთ. საერთოდ ცხოვრებაში ერთადერთი მტერი მყავს – ტალღა. მან ბევრჯერ სცადა ჩემთვის ადამიანი წაერთმია, მაგრამ ამაოდ. პროფესიონალი მოცურავე არ ვარ. ბევრი ცურავს ჩემზე უკეთ, უბრალოდ ტალღებში ცურვის წესი ვიცი. ეს მშველის. ტალღა უცებ გღლის და გთიშავს, მერე კი უკან გამოსვლა გიჭირს. როცა ტალღა სიმაღლეში მიდის არ უნდა აყვე, ქვემოდან უნდა მოექცე და მაღლიდან არ უნდა დაგეცეს. ტალღის სიმძიმე თუ დაგეცა, შეიძლება ადამიანი ადგილზე მოკლას ან სერიოზულად დააზიანოს. დახრჩობაზე რომ არაფერი ვთქვათ“, – ამბობს მამუკა.

არაფორმალურ მაშველს, როგორც თავად ამბობს, ყოველ სეზონზე 5, 6 ადამიანის გადარჩენა უწევს. გვეუბნება, რომ როცა სანაპიროზე ვინმეს დახმარება სჭირდება, ასეთ დროს საკუთარ თავზე არასდროს ფიქრობს და ერთადერთი მიზანი აქვს: სიცოცხლე შუნარჩუნოს მას, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად და გადაუდებლად სჭირდება.

23 აგვისტოს შტორმში სამი მოზარდის გადარჩენისთვის მამუკა ხილაძე საზღვაო სასწავლებლის მესამე კურსის გადასახადისგან გათავისუფლდა და სტუდენტის სტატუსიც აღუდგინეს.

პლაჟზე მამუკა ყველას მაშველი ჰგონია. თუმცა ამბობს, რომ ოფიციალურად ამ ვაკანსიაზე ვერ დასაქმდებოდა, რადგან 550 ლარი, მისი აზრით, სახიფათო სამსახურისთვის ძალიან ცოტაა.

მამუკა ხილაძე ორი წლის შემდეგ საზღვაო სასწავლებელ „ანრის“ დაასრულებს, გემის მოტორისტის დიპლომს მიიღებს და შორეული ნაოსნობის მეზღვაურობას გეგმავს. მანამდე კი სათვალთვალო კოშკიდან ზღვას გაჰყურებს, რომ არავინ გამორჩეს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

წყარო – batumelebi.netgazeti.ge
| Print |