საზოგადოება
ევრაზიის რეგიონში გენდერული დისკრიმინაცია ოჯახიდან იწყება - კვლევა
სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსის (SIGI) 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევრაზიაში მცხოვრები ქალების მიმართ დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად ოჯახში ხდება. გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, ამ დისკრმინაციას ხელს საზოგადოებაში არსებული სოციალური ნორმები და პრაქტიკა უწყობს.

ახალი ევრაზიის რეგიონისადმი მიძღვნილი ანგარიში ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად წარადგინა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს სოციალური ინსტიტუტებისა და გენდერული ინდექსი ქვეყნებში ქალთა დე ფაქტო და დე იურე უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის უმნიშვნელოვანესი საზომია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ანალიზს, მის ხარისხსა და ტიპებს მოიცავს. ქალებსა და კაცებს შორის არსებული უთანასწორობის გამოსავლენად, ინდექსი კანონმდებლობას, სოციალურ ნორმებსა და არსებულ პრაქტიკებს აფასებს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა უფლებები ოჯახში, ოჯახში ძალადობა, ფინანსურ აქტივებზე ხელმისაწვდომობა და ქალთა სამოქალაქო უფლებები.

2019 წლის SIGI-ს ანგარიში მიუთითებს, რომ ევრაზიის სოციალურ ინსტიტუტებში დისკრიმინაციის ზოგადი დონე 24%-ია. ,,ყველაზე პრობლემურ საკითხად ღრმად გამჯდარი სოციალური ნორმები რჩება. მაგალითად, კავკასიაში გოგოების გაჩენის ნაკლებმა სურვილმა შედეგად სქესთა შორის ბალანსის საგანგაშო დარღვევა მოიტანა. ბოლო 19 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში 0-4 წლის ასაკის ბავშვებში 170,000 გოგო არ დაიბადა“,- განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლორენცო პავონემ.

„თუ 2030 წლისთვის სოციალურ ინსტიტუტებში გენდერულ თანასწორობას მივაღწევთ, ევრაზიაში რეგიონული მშპ ყოველწლიურად 0.4%-ით გაიზრდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე 2 961 აშშ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა საქართველოში გერჰარდ შაუმბერგერმა.

,,SIGI-ს 2019 წლის რეგიონული ანგარიში ევრაზიის მთავრობებს რეკომენდაციებს აძლევს, გენდერული თანასწორობის გაზრდის, ქალებისა და გოგოების უფლებათა დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯებები გადადგან. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამ ინდექს და მზადაა სამთავრობო და არსამთავრობო პარტნიორებთან ერთად მეტი ნაბიჯი გადადგას არსებითი გენდერული თანასწორობის მისაღწევად“ , - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა.
| Print |