საზოგადოება
ახალციხეში მოძრაობა შეფერხებული კიდევ ერთი კვირა იქნება
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია. ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობენ და საცობში უწევთ დგომა. 

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სამანქანო გზას, საფეხმავლო ბილიკებს, სანიაღვრე კოლექტორებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებსა და ლითონის ღობეებს. მიმდინარე სამუშაოების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება, შექმნილი დისკომფორტისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით“, - წერია განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 554 321 ლარით ფინანსდება.
| Print |