საზოგადოება
დაკარგული პასპორტის გამოცვლის პროცედურები იცვლება
დაკარგული პასპორტის განახლების პროცედურები იცვლება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდამცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სახლში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ზურაბ სანიკიძის თქმით ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენება, ასევე, მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისკენ

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.
| Print |