საზოგადოება
ბიუჯეტი ყველა კონფესიისთვის, ასობით ათასი ერთისთვის
უკვე წლებია ახალციხის და ადიგენის ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლი არსებობს და უკვე წლებია ასობით ათასი ლარი ძირითადად, ერთ კონფესიაზე იხარჯება. ხუთი რელიგიური ორგანიზაციიდან ორმა, ამ მუხლის არსებობის შესახებ „მეცხრე არხისგან“ შეიტყო. თუმცა, მიღებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ისინი ვერც 2020 წელს გამოიყენებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალციხეში, თანხის ძირითადი ნაწილი ისევ მართლმადიდებელ ეკლესიას მოხმარდება.

“პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესიების და მონასტების მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და კულტურული ძეგლების და რელიგიური ორგანიზაციების ინფრასტრუქტურული მოწყობა“, - ასეა განმარტებული კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლი ბიუჯეტში, თუმცა ყველა კულტურული ძეგლი დასაფინანსებელთა ნუსხაში ვერ ხვდება.

ახალციხის სინაგოგა საუკუნეს ითვლის. რაბათის უბანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ტურისტების სამარშრუტო გზაზეა, თუმცა მას სახურავი და ფანჯრები, ფაქტობრივად, არ აქვს. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ, ავარიული სინაგოგის რეაბილიტაციის თხოვნით, თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა თუმცა, უშედეგოდ. სიმონ ლევიშვილმა „მეცხრე არხისგან“ შეიტყო, რომ ბიუჯეტში არსებობს კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლი, რომელიც სწორედ ასეთი მემკვიდრეობის გადასარჩენად უნდა იხარჯებოდეს.

„უარს მეუბნებოდნენ, ფული არ გვაქვსო. სასაფლაოს კედელი იყო დანგრეული, უარის შემდეგ ისევ მე მოვიძიე თანხები და გავაკეთე. სინაგოგა ინგრევა, ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ არც ამის დაფინანსებაზეა საუბარი. სახურავი ახდილია, წვიმა ჩამოდის. სულ ღიაა, ფანჯრები და იატაკი არ აქვს. ასე თუ გაგრძელდა, 1-2 წელიწადში დაინგრევა“.
სინაგოგა რაბათის უბანში

1902 წელს აშენებულ სინაგოგაზე ძველია კათოლიკური ეკლესია ვალეში. ტაძრის წინამძღვარი ძეგლის რეაბილიტაციისა და მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, თანხის მოძიებას სხვადასხვა ფონდიდან ცდილობს. მამა მიხეილ სურმავამაც ბიუჯეტში ამ საქმისთვის საჭირო მუხლის არსებობის შესახებ ჩვენგან შეიტყო.

„არც ვიცოდი, თუ ამის საშუალება გვქონდა. ახლა ვალეში ვაკეთებთ ეკლესიის გალავანს და ტაძრის გარშემო სკვერს. ამ კვირაში ჩემს ნაცნობებთან ვსაუბრობდი, საიდან შეიძლებოდა თანადაფინანსების მოპოვება. ბევრი არ გვჭირდება, ალბათ 30 000 ლარი. ნეტავ დაგვეხმარონ. პირობებს გავიკითხავ, რის მიხედვით შეიძლება მოგვცენ თანხა. ბოლო ხუთი წელი წმინდა ფრანცისკეს სახელობის მამათა მონასტრის (ახალციხე) წინამძღვართან, მამა ფილიპოსთან ერთად, ყოველთვის ვეძებდი დაფინანსების წყაროებს. ბიუჯეტის თანხით არასდროს გვისარგებლია“.

კათოლიკური კონფესიისგან განსხვავებით, სომხურ სამოციქულო ეკლესიას ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლის არსებობის შესახებ ინფორმაციაც აქვს და უკვე ერთი თვეა ახალციხის მერიიდან პასუხს ელის. გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის გასარემონტებლად მათ კონკრეტული თანხა არ მოუთხოვიათ, გადაწყვეტილება თვითმმართველობას მიანდეს. კონფესიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი 2017 წელს მოითხოვა და მიიღო კიდეც. თანხა სახურავის შეკეთებას მოხმარდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მერიამ სომხური სამოციქულო ეკლესიის თხოვნაზე დადებითი პასუხი გასცა.

„მას შემდეგ, რაც დაგვეხმარნენ, ეკლესია ისევ იყო ავარიულ მდგომარეობაში, კედლებს ჰქონდა ბზარები. შარშან, წერილობით, ისევ მივმართეთ თვითმმართველობას, თუმცა აღარ დაგვეხმარნენ. გვითხრეს, რომ ეკლესიებისთვის თანხა აღარ იყო. ვიცით, რომ ახალქალაქში თვითმმართველობა ეკლესიას ეხმარება გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე. კომუნალური ხარჯებისთვის ჩვენც მივმართეთ ახალციხის მერიას, თუმცა გვითხრეს, რომ ასეთი სახის დახმარება არ აქვთ“.
გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ეკლესია

„სომხურმა ეკლესიამ ხელფასები და ხარჯები მოითხოვა, რასაც ეს მუხლი არ ითვალისწინებს“, - გვეუბნება ახალციხის მერი. ზაზა მელიქიძე განმარტავს, რომ მუხლი არა რელიგიურ ორგანიზაციებს, არამედ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას აფინანსებს. “ეს თანხა რომელიმე კონფესიის დაფინანსებისთვის არ არის. ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, შეიძლება ტურიზმის განვითარებაზე იყოს“.

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სინაგოგა ვერც ტურიზმის განვითარების კუთხით აღმოჩნდა საინტერესო და ვერც გადასარჩენი მემკვიდრეობის თვალსაზრისით. მერი ამას ასე ხსნის: “ალბათ, ისეთ დროს მოგვმართეს, რომ თანხა აღარ იყო“.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 2019 წელს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხა, 198 000 ლარი, საფარის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრსტრუქტურის მოწყობასა და შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობაზე დაიხარჯა.
შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ეკლესია

კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლზე, მიმდინარე წელს, კიდევ უფრო მეტი იყო გამოყოფილი ადიგენის ბიუჯეტში. ამ დაფინანსების მოპოვება არაერთხელ სცადეს სამცხე-ჯავახეთში მუსლიმი თემის ხელმძღვანელებმა. ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა ადიგენის მერიისგან ბოლოს უარი ორი თვის წინ მიიღო.

„ჭელას მეჩეთის ეზოს რესტავრაციისთვის მოვითხოვეთ თანხა. სამწუხაროდ, პასუხი მოგვივიდა, რომ თქვენი მოთხოვნა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლითაც ჩვენ თანხას გავცემთო. უფრო კონკრეტულად კი, ჭელას მეჩეთი არის საცხოვრებელი სახლი და არა მეჩეთიო. ეს იყო ცინიზმი, სასამართლოშიც ვიდავეთ, რომ სტატუსი მინიჭებოდა ამ შენობას. ჩვენ სამართალს ვერ მივაღწიეთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ სახელწიფოსგან იგნორირებული. ამას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ჩავთვლიდი. მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ“.
ჭელას მეჩეთი

იმამ ჯამბულ აბულაძის თქმით, ბიუჯეტის ამ მუხლში გამოყოფილ თანხას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყენებს.

„ვიცით, რომ ამ მუხლში გამოყოფილია დიდი თანხა. იხარჯება მხოლოდ ეკლესიების რესტავრაციაზე, კარ-მიდამოს მოწყობაზე... არც ბიუჯეტის პროექტის განხილვებში მიგვიღია მონაწილეობა და არც არავინ გვაყენებს საქმის კურსში. კანონით უნდა მოხდეს ჩართულობა და ჩვენი აზრის გათვალისწინებაც, მაგრამ არ მომხდარა“.

ადიგენის მერიამ კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლით 2018 წელს 160 000, 2019 წელს კი 294 700ლარი დახარჯა. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მუხლში 0 ლარია.

„თავიდან, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტშიც არ გვქონდა ამ მუხლში თანხა, მერე ნაშთიდან გადავიტანეთ. ახლაც არ გვაქვს“, - განმარტავს მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი. სავარაუდოდ, სხვა მუხლებიდან დარჩენილი თანხით ეს მუხლი 2020 წელსაც შეივსება.

მიმდინარე წელს გახარჯული 294 700 ლარიდან, მუსლიმ თემზე მხოლოდ 10 000 ლარი გაიცა, რაც სოფელ მოხის მეჩეთის შემოღობვას მოხმარდა. დანარჩენი თანხით მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისარგებლა.

ახალქალაქისა და კომურდოს ეპარქიაში მუზეუმის მშენებლობისთვის 5 000 ლარი გამოიყო;
შოშხოთის მამათა მონასტრის მშენებლობა-რეაბილიტაცია 90 000 ლარი დაჯდა;
ბენარის ტაძრის მშენებლობა-რეაბილიტაციას 20 000 ლარი მოხმარდა;
დაბა ადიგენის წმ. თამარ მეფის სახელობის სატრაპეზოს მშენებლობის ღირებულება 30 000 ლარია;
ჭიხეს ტაძრის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 49 700 ლარი გადაირიცხა;
ქვაბიჯვრის სამონასტრო სახლის მცირე ტაძრის მშენებლობისთვის 90 000 ლარი გამოიყო. 

ადიგენისგან განსხვავებით, უკვე ცნობილია, რა თანხაა გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მუხლზე ახალციხის ბიუჯეტში. ცნობილია ისიც, რომ 200 000 ლარის ძირითადი ნაწილი შალვა ახალციხელის სახლობის ტაძრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. რა თანხაა საჭირო ამ საქმისთვის, ვეცადეთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში გაგვერკვია. მეუფე თეოდორე ახალციხეში არ იმყოფება, მის გარეშე კი ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა. შესაბამისად, უცნობია, აქვს თუ არა რომელიმე სხვა კონფესიას შანსი, ამ მუხლში დარჩენილი თანხით 2020 წელს მაინც ისარგებლოს.
| Print |