საზოგადოება
დავით გაბოძემ საფრანგეთში მკურნალობა დაიწყო
დავით გაბოძე, რომლის დასახმარებლად ახალციხის მოსახლეობა გაერთიანდა, საფრანგეთში გაემგზავრა. ,,ჭია“ მკურნალობის კურსს ქალაქ მარსელის საავადმყოფოში გადის. ფრანგმა ექიმებმა მას, პირველ ეტაპზე, დაახლოებით სამი ლიტრი სისხლი გადაუსხეს.

,,22 ნოემბერს პირველი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ჩაუსვეს ამოვარდნილი ძვლები, აღუდგა შარდის ბუშტის ფუნქცია, ამოვარდნილი მუხლი და ფუძის ძვალიც გაუსწორეს.. ახლა დათოს ორთოპედიც მკურნალობს, მეორე ოპერაცია, სავარაუდოდ, ნერვულ დაბოლოებებზე, დეკემბერში გაუკეთდება“, - ამბობენ დათოს ოჯახის წევრები. 

მეცხრე არხის ოპერატორი, 2011 წლის იანვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ეტლს მიეჯაჭვა და მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

34 წლის დავით გაბოძემ, რომელსაც მეგობრები ,,ჭიას" სახელით იცნობენ, მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. ახალგაზრდა მამაკაცის საფრანგეთში, სამკურნალოდ გასამგზავრებლად 5 000 ლარამდე იყო საჭირო.

საქველმოქმედო ფონდმა ,,ერთად შევძლებთ“, ჭიას ანგარიშზე 1000 ლარი გადმორიცხა, დანარჩენი კი მეგობრებისა და ქალაქელების დახმარებით შეგროვდა.

გაბოძეების ოჯახი და ტელეკომპანია მეცხრე არხი მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის!


| Print |