საზოგადოება
მესამე დღე სასმელი წყლის გარეშე

 

ახალციხეში, სასმელი წყლის ცენტრალური მილი ჯერ კიდევ ვერ შეაკეთეს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები მესამე დღეა ახალციხის ცენტრალურ პარკში მუშაობენ, თუმცა ქალაქის ცხრა ქუჩა ისევ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. კომპანიაში ვერ ამბობენ, როდის აღდგება წყლის მიწოდება.

“კასკადიორები“ ცივ წყალში, დენით ხელში მუშაობენ. საქმე ის არის, რომ მილში წყალი ვერ დავწურეთ. გუშინ საღამოს დავკეტეთ რვაასიანი რეზერვუარები, მაგრამ მაინც არ დაიწურა. სხვა გზა არ არის, ამიტომ ბიჭები მუშაობენ წყლის ქვეშ. სულ არის ნახევარი საათის საქმე, მაგრამ დაგუბებული წყალი ქმნის პრობლემას“, - გვითხრა კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.

სასმელი წყლის მილი 26 ნოემბერს დაზიანდა. კომპანიის თანამშრომლები შეკეთებაზე მას შემდეგ მუშაობენ. ბესიკ ფილაურის თქმით, ექვსმეტრიან მონაკვეთზე კოროზირებული მილი უნდა გამოიცვალოს. სასმელი წყლის გარეშე 1 317 აბონენტია დარჩენილი.
| Print |