საზოგადოება
ახალციხეში სასმელი წყლის გარეშე 18 ქუჩაა დარჩენილი
ახალციხეში სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი ქუჩების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლებმა, დაზიანებული მილის შეცვლის მიზეზით, აუზები დაკეტეს, რამაც კიდევ ცხრა ქუჩაზე წყლის შეწყვეტა განაპირობა.

„ტექნიკური სამსახურის მიერ გრძელდება დიდიმამიშვილის ქუჩაზე სამუშაოები, გართულებული ავარიის გამო, დაიკეტა V=1000 მ3 და V=800მ3 აუზები, რამაც გამოიწვია დამატებით წყვეტა შემდეგ ქუჩებზე: იაძე, ანთიმოზ ივერიელი, კეცხოველი, მეგობრობა, ფარნავაზ მეფე, გამსახურდია, პეტრე იბერი, მანველიშვილი, ნათენაძე“, - წერია კომპანიის განცხადებაში. ამ ეტაპზე, წყალი ქალაქში 2 024 აბონენტს არ მიეწოდება.

26 ნოემვრიდან, ახალციხის ცენტრალურ პარკში სასმელი წყლის მილის დაზიანების გამო, წყალი არ მიეწოდება აბონენტებს კოსტავას, თაყაიშვილის, დიდიმამიშვილის, მესხეთის, მებაღიშვილის, თაბუკაშვილის, გორგასლის, წერეთელისა და რუსთაველის ქუჩებზე.

"მილში წყალი ვერ დავწურეთ. სხვა გზა არ არის, ამიტომ ბიჭები მუშაობენ წყლის ქვეშ. სულ არის ნახევარი საათის საქმე, მაგრამ დაგუბებული წყალი ქმნის პრობლემას“, - გვითხრა კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები, ამ ქუჩებზე წყალს არიგებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წყალმომარაგება 28 ნოემბერს აღდგება.
| Print |