საზოგადოება
ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას ახალციხეც შეუერთდა
ახალციხის ცენტრალურ პარკში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, აქცია - ფლეშმობი მოეწყო - ,,არა, იძულებით ქორწინებას".

,,ერთად დავგმოთ ნაადრევი და იძულებითი ქორწინება“ ,,ქორწინება შენი უფლებაა და გიცავს კანონი“, ,, ადრეული და იძულებითი ქორწინება ძალადობაა“ - ამ გზავნილებით ახალციხელმა ახალგაზრდებმა, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ცვლილებების დროა.

სათქმელი საინტერესო ფლეშმობით წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ ქალთა საზოგადოების პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული ჯგუფის, „თანასწორობის“ წევრებმა და მერიის ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებმა.

გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო , მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო რეგულაციების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდაა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“, მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და ახალგაზრდული ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
| Print |