საზოგადოება
"მანქანის საბურავები გვისკდება" - მესხეთის ქუჩაზე დაზიანებულ ცხაურებზე ჩივიან

 

ქალაქ ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე სანიაღვრე არხის ცხაურები დაზიანებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით, მძღოლებს აწუხებთ, რომლებმაც დაზინების შესახებ ხშირად არ იციან. 

„არაფერს აკეთებენ, ან გაასწორონ, ან გამფრთხილებელი ნიშანი მაინც დადგან, ისეა დაზიანებული, ჩანგრეულ რკინებს გვერდს ვერ აუვლი. რაც მე ვიცი, უკვე რამდენიმე მანქანის საბურავი გასკდა მანდ“, - ამბობენ მესხეთის ქუჩაზე. ცხაურები დაახლოებით, ორი კვირაა ასე გამოიყურება.

"საიდან გავიარო? თუ მარჯვნიდან წავალ, ტროტუართან ძალიან ახლოს უნდა მივიდე, იქ ბოძია და დავეჯახები. იძულებული ვარ მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდე, ან ზევით ავიდე, მოვუხვიო და ისე გადავჭრა გზა". სანიაღვრე არხი ცენტრალურ გზას მთელ სიგანეზე კვეთს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ცხაურების დაზიანების მიზეზი მძიმეწონიანი, სატვირთო მანქანებია,რომლებიც ამ ქუჩაზე გადაადგილდებიან.

„მიმდინარეობს ბაგინაშვილი-სამსონიძის ქუჩების რეაბილიტაცია. ტექნიკას ამ გზაზე უწევს გავლა, რის გამოც ცხაურები დაზიანდა. როცა სამუშაოები დასრულდება, მშენებელი კომპანია შეაკეთებს. ზუსტ თარიღს ვერ გეუბნებით, უახლოეს მომავალში აღდგება. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
| Print |